მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დაღუპულია 198 ბავშვი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 15 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 198 ბავშვი და დაჭრილია 355-ზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი – 117 ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ოფისის ცნობითვე, უკრაინის ქალაქების და სოფლების დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 900-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და მთლიანად დანგრეულია – 95.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საკუთარი სახლები დატოვა დაახლოებით 4.8 მილიონმა ბავშვმა.

ამაასთნ ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს.

საოლქო პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, 27 კი დაშავდა.

აგრესორებმა თავდასხმა იზიუმის რაიონში, სოფელ ბოროვაში 14 აპრილს განახორციელეს.

“ხარკოვის საოლქო პროკურატურის პროცესუალური ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე, განზრახ მკვლელობის ფაქტებთან ერთად”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წინასწარ გამოძიებას ხარკოვის ოლქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფისი აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button