მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რა ხდება ბრძოლის ველზე

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტები აპატიმრებენ და აწამებენ ჩინოსნებსა და მოხალისეებს, რომლებიც მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

როგორც ბოიჩენკომ აღნიშნა, ე.წ. სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულს, ხოლო კიდევ ერთი სახელმწიფო მოხელე დახვრიტეს.

“ოლენოვკას ციხეში ათობით მოხალისე იმყოფება, რომლებიც მარტ-აპრილის პერიოდში მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაში იყვნენ ჩართული და ქალაქში დარჩენილებს პროდუქტებსა და წყალს აწვდიდნენ. სავარაუდოდ პატიმრობას მიუსჯიან მოსამართლესაც, რომელსაც დაკავების პერიოდში აწამებენ”, – ამბობს ბოიჩენკო.

ამასთან ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მორიგ, 2 ივნისის ანგარიშს აქვეყნებს.

ძირითადი მიგნებები:

რუსეთი სლოვიანსკში იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ლიმანის დასავლეთიდან დაწინაურების ოპერაციებს აგრძელებს და მცირე პროგრესი აქვთ. მაგრამ ეს უპირატესობა, სავარაუდოდ მომდევნო დღეებში შეწყდება, ვინაიდან რუსული ძალებისთვის პრიორიტეტი სევეროდონეცკში დაწინაურებაა და სავარაუდოდ ძალებსაც იქ მიმართავენ.
რუსული ძალები განაგრძობენ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკსზე შეტევებს, რათა ლუჰანსკის რეგიონზე სრული კონტროლი მოიპოვონ.
რუსული ძალები ავდიივკას გარშემო დაწინაურდნენ.
უკრაინის კონტრშეტევამ ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთში რუსულ ძალებს უკან, ინჰულეცის მდინარის აღმოსავლეთ სანაპირომდე დაახევინა და კონტრშეტევები სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის საგზაო კომუნიკაციის ხაზებს T2207 მაგისტრალზე.
კრემლი განაგრძობს ცვალებადი საოკუპაციო ზომების მიღებას სამხრეთ უკრაინაში, რაც მიუთითებს, როგორც უკრაინელების მასშტაბურ წინააღმდეგობაზე ასევე, სავარაუდოდ, კრემლის ჩამოუყალიბებლობაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხერხოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია.

ომის კვლევის ინსტიტუტის 2 ივნისის ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალები განაგრძობენ დამატებით და ხარჯიანი პროგრესის მიღწევას აღმოსავლეთ უკრაინაში.

რუსი სამხედროები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავების ოპერაციებს განაგრძობენ. ინსტიტუტის თქმით, რუსეთის სამხედრო ლიდერები, სავარაუდოდ, ამ ორ ქალაქზე კონტროლის აღების შემთხვევაში გამოაცხადებენ, რომ მათ ლუჰანსკის ოლქი „გაათავისუფლეს“ შემდეგ კი ძალებს დონეცკისკენ მიმართავენ. თუმცა, ინსტიტუტის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარს სევეროდონეცკის დანაკარგების შემდეგ ეყოფა ძალა, რომ დონეცკის რეგიონში მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავოს.

ISW აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ლიდერებს საკმარისი ძალების მობილიზებისა და პერსონალის სულისკვეთების შენარჩუნების პრობლემები აქვთ.

უკრაინის გენშტაბმა გუშინ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პირველი არმიის იძულებითი მობილიზაცია მოხდა, რომელიც რუსეთის მე-8 კომბინირებული არმიის ნაწილია.

კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ძალების მობილიზაცია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვან საბრძოლო ძალას შექმნის და დაბალ სულისკვეთებასა და რუსების ცუდ დისციპლინას აამაღლებს.

დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის 113-ე დანაყოფმა გაავრცელა ვიდეო, სადაც იძულებით მობილიზებული სამხედროები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავენ და ჩივიან, რომ ომის განმავლობაში ფრონტის ხაზთან ხერსონში საკვები და წამლები არ ჰქონდათ. გარდა ამისა, სამხედროების თქმით მობილიზაციის კომიტეტებმა მათ არ ჩაუტარეს საკმარისი სამედიცინო გამოკვლევები და სამხედრო ვალდებულებებისგან არ გაათავისუფლეს ის ჯარისკაცები, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვითაც დისკვალიფიკაცია იყო საჭირო.

გარდა ამისა, ISW-ის ცნობით, რუსეთის ძალებს აქვთ პრობლემები სამხედროების როტაციასთან დაკავშირებით. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის იმ პერსონალის 30-40%-მა, ვინც უკრაინიდან როტაციით გამოიყვანეს, უარი განაცხადა ომში დაბრუნებაზე, რამაც საბოლოოდ რუსი მეთაურები აიძულა, უკან, უკრაინაში ბრძოლის ველზე მოუმზადებელი და მოტივაციის არმქონე დანაყოფები გაეგზავნათ.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინის ახლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის დამყარების მცდელობისას გამოწვევებს აწყდება.

უკრაინის წინააღმდეგობის ცენტრის განცხადებით, რუსეთის ოკუპაციური ადმინისტრაციები „მხოლოდ ქაღალდზეა შექმნილი“ და მათ არ შეუძლიათ ადგილობრივი მოსახლეობის კონტროლი, მოსახლეობისთვის იძულებს რუსული რუბლის გამოყენების იძულება ან მათი ბიუროკრატიულ პროცესებში ჩართვა. ცენტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიესალმება იმ პარტიზანულ ქმედებებს, რაც რუსეთის საოკუპაციო მმართველობას წინააღმდეგობას გაუწევს.

ომი კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსულ ძალებს იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სლოვიანსკის მიმართულებით შეტევის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ. სავარაუდოდ, რუსული ძალები ხარკივი-დონეცკის რეგიონების საზღვარზე იზიუმი-სლოვიანკსის ავტომაგისტრალზე კონტროლის აღებას ცდილობენ, რაც მათ სლოვიანსკში დაწინაურებაში დაეხმარება. ISW-ის ინფორმაციით, რუსული ძალები სლოვიანსკში დაწინაურებას, როგორც იზიუმიდან ასევე ლიმანიდან ცდილობენ, თუმცა წარმატება არ აქვთ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მომდევნო დღეებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევენ.

რუსული ძალები სევეროდონეცკსა და მის გარშემო შეტევებს აგრძელებენ. ე.წ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის თვითაღიარებულმა ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ ისინი სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის გარდა მთლიანად აკონტროლებენ ლუჰანკის რეგიონს. ISW-ის ინფორმაციით, გუშინ რუსული ძალების მხრიდან სევეროდონეცკი- ლისიჩანსკის სამხრეთით, ბობროვესა და უსტინივკაზე თავდასხმის მცდელობა წარუმატებელი იყო.

კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2 ივნისს რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქზე შეტევა გააგრძელეს. თავდასხმები ბახმუტის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებში მიმდინარეობდა და მიზნად საგზაო საკომუნიკაციო ხაზების გაწყვეტასა და სამხრეთიდან სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის ოპერაციის ხელშეწყობას ისახავდა.

რუსულმა ძალები თავს დაესხნენ ქალაქ ხარკივსა და ხარკივის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილსაც.

ინსტიტუტის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში უკრაინის კონტრშეტევების შედეგად რუსეთმა უკან თავდაცვით პოზიციებამდე დაიხია ინჰულეცის მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდინარეს დასავლეთ სანაპიროზე მყოფ უკრაინის ძალებს კი სავარაუდოდ შეუძლიათ, ცეცხლს გაუხსნიან და ხელს შეუშლიან რუსეთის საგზაო კომუნიკაციის ხაზებს T2207 მაგისტრალზე, რომელიც მდინარიდან 1 კმ-ში მდებარეობს.

რუსული ძალები უკრაინის კონტრშეტევების მოგერიებას ცდილობენ ხერსონი-მიკოლაევის რეგიონების დასავლეთ საზღვართან. რუსეთის ძალებმა ქალაქ მიკოლაევის ჩრდილო-დასავლეთით სარკინიგზო ხიდი დაბომბეს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ აირიდონ უკრაინის ძალებისა და შეიარაღების ამ ტერიტორიაზე გადმოტანა.

გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინის ტელეკომუნიკაციის სიგნალებს ახშობენ.

კრემლი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიების ინტეგრირების გეგმების განხილვას, რაც ომის კვლევის ინსტიტუტის აზრით იმაზე მიუთითებს, რომ კრემლს მოქმედების მკაფიო კურსი არ აურჩევია. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დონბასის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი რეგიონში სრული უსაფრთხოების გარეშე “ნაკლებად შესაძლებელია” გაიმართოს. ამ დროისთვის უცნობია ხერსონთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებიც.

ზაპოროჟიეში კი რუსეთის მხარდაჭერილმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საკუთრების “ნაციონალიზაცია” გამოაცხადეს, რაც შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ კრემლი ახლად ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკურ ექსპლუატაციას ცდილობს მისი ანექსიის გარეშე.

ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ მარიუპოლის მცველების ბედი, ვინც რუსეთის ტყვეობაშია ამ დროისთვის უცნობია. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინა რუსულ ძალებთან ტყვეთა გაცვლას განიხილავს. რუსული წყაროების ცნობით კი უკრაინის აზოვის რეჟიმის წევრები ოლენივკაში, ქალაქი დონეცკიდან 22 კმ-ში არიან.

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების საერთშორისო ფორუმზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის ომის გამო შეცვლილ გეოპოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მადრიდის სამიტზე, რომელზეც ალიანსმა მომდევნო 10 წლის სტრატეგია უნდა განსაზღვროს, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს უკრაინის საკითხს და ის უნდა იქცეს ამ სტრატეგიის ნაწილად.

ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

“დღეს სიტუაცია იცვლება. ამ დროს არსებობს სამი მთავარი სიტყვა, ესაა დრო, ტრანზაქცია და კოორდინაცია. ჩვენი მხრიდან ტერიტორიების გათავისუფლებას დღეები და კვირები სჭირდება, რასაც უკრაინელების სიცოცხლე მიაქვს. ომის ხასიათი იცვლება, ამიტომ მეტი მძიმე შეიარაღება გვჭირდება, იმისთვის რომ ბრძოლის ველზე ჩვენი შედეგები გავაუმჯობესოთ. არსებობს სამი საფეხური – ეს არის აგრესორის შეკავება, ტერიტორიების გათავისუფლება, მესამე კი უკვე მოლაპარაკების მაგიდა და სამეზობლო პოლიტიკის განსზაღვრაა რუსეთთან.

მე ვფიქრობ, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე, რომელიც ივნისში იქნება, ისინი განსაზღვრავენ ნატოს მომდევნო 10 წლის სტრატეგიას. ვფიქრობ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ნატოში წევრობაზე, ეს იქნება უფრო დე ფაქტო და არა დე იურე. ეს შეიძლება იყოს კარგი იდეა, რადგან უკრაინა იქნება ამ სტრატეგიის ნაწილი. უკრაინა არის ევროპის აღმოსავლეთ ნაწილი, ნატოს ქვეყნების აღმოსავლეთ ნაწილი, ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია ყველას ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, რომლებიც არიან ევროკავშირისა და ნატოს წევრები”,- განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

უკრაინის თემას გამოეხმაურა რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ მილოვი. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი დასავლეთისგან ასეთ კონსოლიდირებულ პასუხს არ ელოდა.

“ვლადიმერ პუტინი არ ელოდა დასავლეთის ასეთ კონსოლიდირებულ პასუხს. ეს ვიცი ჩემი ძველი ნაცნობებისგან, ვინც ახლა მთავრობაში მუშაობს. ის სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა და რაც მთავარია ის ერთიანობა, რაც დასავლეთმა აჩვენა, ეს იყო მოსკოვისთვის ძალიან მოულოდნელი. პუტინი შეცდა თავის გათვლებში, მას წარმოედგინა რომ უკრაინის არმია იყო სუსტი, რუსული არმია კი იმაზე ძლიერი, ვიდრე არის სინამდვილეში, დასავლელი პოლიტიკოსები სუსტი და თავი წარმოედგინა ძლიერ ლიდერად, რომელი სამ დღეში აიღებდა კიევს და იტყოდა, მიიღეთ ეს უკვე არსებულ ფაქტად! ვერაფერს იზამთ!

თუმცა, ის შეცდა, ახლა მისთვის რთულია წინ სვლა, მაგრამ ის ძალიან ჯიუტია და ვფიქრობ გამოიყენებს ყველა არსებულ რესურს, რათა რამეს მაინც მიაღწიოს უკრაინაში. ჩემი აზრით, მაინც ვერაფერს მიაღწევს, იქნება მრავალწლიანი კონფლიქტი, ბევრი სისხლი და ნგრევა. ჩვენ ბევრი წელი ვაფრთხილებდით დასავლეთს, რომ პუტინი აქამდე მიიყვანდა საქმეს”, – განაცხადა ვლადიმირ მილოვმა.

უკრაინული საზოგადოების სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში კურტ ვოლკერი.

“პირველ რიგში, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში, რაც მნიშვნელოვანია. ისინი ცდილობენ გაანადგურონ უკრაინის სახელმწიფო, ცდილობენ უკრაინის იდენტობა ამოშალონ. ახლა კი უკრაინა თავის ისტორიას, კულტურას იდენტობას მაქსიმალურად იცავს. უკრაინული საზოგადოება საკმაოდ ძლიერია. რუსეთმა შეიძლება რაღაც ტერიტორიები აიღოს, მაგრამ უკრაინელები სანაცვლოდ ბრძოლით პასუხობენ”, – აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button