მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დღეს ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების მეოთხე და საბოლოო დღეა

დღეს ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების მეოთხე და საბოლოო დღეა. ხმის მიცემის პროცესი ახლა 21 ქვეყანაში მიმდინარეობს, დანარჩენ ქვეყნებში არჩევნები გასული სამი დღის განმავლობაში ჩატარდა. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, ირლანდია, მალტა, ნიდერლანდები და სლოვაკეთი.

ხმის მიცემის პროცესი გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება ესტონეთსა და იტალიაში. პროცესი ოფიციალურად ნიდერლანდებიდან დაიწყო, თუმცა ესტონელებმა ხმის მიცემა ორშაბათს დაიწყეს.
უნგრეთში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავარმა კონკურენტმა, პიტერ მაგიარმა. ორბანმა ხმის მიცემის დროს თქვა, რომ მოსახლეობა არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის აკეთებს. მაგიარმა კი თქვა, რომ უნგრეთში რეალური ცვლილებებია საჭიროა. მან მოუწოდა მოსახლეობას არ შეშინდნენ, თამამად და გაბედულად მისცენ ხმა ამ ცვლილებებს.

არჩევნები მიმდინარეობს საფრანგეთსა და გერმანიაშიც, ეს ქვეყნები ევროპარლამენტში ყველაზე მეტ წარმომადგენელს გზავნიან.

დღის ბოლომდე ამომრჩევლები ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში ევროპარლამენტის 720 დეპუტატს აირჩევენ, რაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბლოკის პრიორიტეტებისა და პოლიტიკური მიმართულებების ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მიანიშნებს, რომ პროევროპული ჯგუფები უმრავლესობას შეინარჩუნებენ, მაგრამ მათი გავლენა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტიები, დიდი ალბათობით, რეკორდული რაოდენობის მანდატებს მოიპოვებენ.
გამოკითხვების თანახმად, უმსხვილეს ბლოკად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ დარჩება, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში თავის 176 ადგილს შეინარჩუნებს. მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები“ და „დემოკრატები“ მეორე ადგილს შეინარჩუნებენ, დაახლოებით 139 მანდატით, მაგრამ ცენტრისტული „განახლება“ და „მწვანეები“, სავარაუდოდ, მანდატებს დაკარგავენ.

ევროპარლამენტის ოთხდღიან არჩევნებში, რომელიც ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყო, დაახლოებით, 361 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრა დღეს, იტალიაში საარჩევნო უბნების დახურვისას დასრულდება.

იმის გამო, რომ არჩევნები ეროვნულ დონეზე იმართება, პროცესი ყველგან იდენტური არ არის, ხმის მიცემა ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა 1 დღე გაგრძელდეს, ზოგან კი რამდენიმე. ყველამ უნდა გამოიყენოს პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემა – სადაც პარლამენტში არჩეული დეპუტატების რაოდენობა პირდაპირ კორელაციაშია იმ ხალხის პროცენტთან, ვინც მათ მისცა ხმა.

ევროპარლამენტმა ახალგაზრდა ამომრჩევლების მოტივირება ძლიერი კამპანიის ვიდეოთი სცადა, რომელშიც ხანშიშესული ადამიანები ნაცისტების ოკუპაციას, ჰოლოკოსტსა და ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრას იხსენებენ.

ცნობისთვის ევროკავშირის სახელმწიფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია.
იმისთვის, რომ მუშაობა არ გართულდეს, რადგან 720 ევროპარლამენტარი თავის მხრივ ასობით სხვადასხვა შიდა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ეროვნული მთავრობების ლიდერები ქმნიან ალიანსებს ერთმანეთთან საერთო პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე – ევროპული პოლიტიკური პარტიები.
ევროკავშირის არჩევნების შედეგები უნგრელებს აჩვენებს, რომ მთავრობა შეიძლება, შეიცვალოს, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა ოპონენტმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა.

ოპოზიციონერი პეტერ მაგიარი 43 წლის ადვოკატია, რომელმაც რამდენიმე თვეში შექმნა ოპოზიციური პარტია.

„ვფიქრობ, ხვალ რა შედეგიც არ უნდა დადგეს, 20% თუ 30%, ჩვენთვის კარგი იქნება. კარგი შედეგი ნიშნავს იმას, რომ ყველა უნგრელი, ისინიც კი, ვისაც აქამდე არ სჯეროდა, დაიჯერებს, რომ ეს მთავრობა შეიძლება, შეიცვალოს. ჩვენ ავაშენებთ პარტიას, რომელიც დაამტკიცებს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს კარგი, სასარგებლო და სამართლიანი“, – განაცხადა მაგიარმა „როიტერთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირმა შეაჩერა უნგრეთისთვის დაფინანსების დიდი ნაწილი იმის გამო, რომ ბუდაპეშტმა დააზიანა დემოკრატიული კონტროლი და წონასწორობა.

„ეს თანხა ნამდვილად საჭიროა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ფერმერებისთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის და განათლებისთვის,”- აღნიშნა მაგიარმა.

მაგიარის თქმით, მისი პარტია შესთავაზებს მექანიზმს, რომელიც ამოწმებს, სად იხარჯება ევროკავშირის სახსრები მანამდე და არა გადახდის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოს თანხის ბოროტად გამოყენება.

„ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ბოლოს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ევროპარლამენტის არჩევნებში ორბანის პარტია „ფიდესი“, სავარაუდოდ, ხმათა უმრავლესობას მიიღებს, თუმცა მაგიარის პარტიამ შესაძლოა, 30%-ამდე მოიპოვოს, რაც მნიშვნელოვან ადგილებს დააკარგვინებს პრემიერის პარტიას ევროპარლამენტში. უნგრეთში 21 კანდიდატს ირჩევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button