დღეს მარიამობაა – საქართველოს პრეზიდენტმა ხალხს მიულოცა
დღეს მარიამობაა – 28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვას აღავლენს სიონის საკათედრო ტაძარში.
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისა“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარიამობის დღესასწაული მოულოცა ხალხს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მილოცვის ტექსტი პრეზიდენტმა „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა:
გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს !
ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს ! და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა! – წერს საქარველოს პრეზიდენტი.
როგორც ცნობილია, ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.