მნიშვნელოვანისიახლეები

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატებზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომაზე საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგზე იმსჯელებენ. ამასთან, ბიუროს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარედგინება, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გაუგზავნა.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატების დასახელების შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს.
საკითხზე სავარაუდოდ დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ – უნდა გაიწეროს კანდიდატების კომიტეტებზე მოსმენის განრიგი, მოგვიანებით კი საკითხი სესიაზე გადაინაცვლებს.

კანონმდებლებმა არჩევანი ცესკოს მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთონ. ცესკოს წევრობის 4 მსურველიდან კი დეპუტატებმა მხოლოდ ორი უნდა შეარჩიონ.

ცესკოს თავმჯდომარის სრული ვადით ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ნაკლები ხმების შემთხვევაში აგვისტოს მსგავსად, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 6 თვის ვადით შეარჩევენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მოქმედი თავმჯდომარის გამოცდილებას და საქმიანობას დადებითად აფასებს, თუმცა ასევე აცხადებს, რომ გიორგი კალანდარიშვილს ეს უკონკურენტოს არ ხდის.

ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ პარლამენტს შანსი აქვს, ცესკოს თავმჯდომარედ, თენგიზ თევზაძის სახით დამოუკიდებელი კანდიდატი შეარჩიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button