მნიშვნელოვანისიახლეები

დღეს პოლიციამ გადაწყვიტა, „თავიდანვე გამოეყენებინა პროპორციული ძალა“, რადგან „აქცია თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო … 300-400-კაციანი ჯგუფის მიერ“ – სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ დღეს პოლიციამ გადაწყვიტა, „თავიდანვე გამოეყენებინა პროპორციული ძალა“, რადგან „აქცია თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო … 300-400-კაციანი ჯგუფის მიერ“.

სირაძის განცხადებით, „აქცია ბოლო დღეებია ძალადობრივია“ და პოლიციელები „ითმენდნენ სისტემატიურ ძალადობრივ ქმედებებს“.

სირაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებების გამო დაშავებულია 100-ზე მეტი პოლიციელი, მათ შორის, რამდენიმე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

“ბოლო დღეებია, აქცია მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში, როგორც დავინახეთ, აქციის თავშივე დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნებისა და პიროტექნიკის სროლას, პოლიციის თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა.

ყველამ კარგად დაინახეთ, რომ შსს-ს თანამშრომლები უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგნენ პარლამენტის ტერიტორიაზე და იგერიებდნენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც აქციის მონაწილეებისგან ჰქონდა ადგილი. 100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, ესროდნენ პიროტექნიკას, ესროდნენ სხვადასხვა რკინის საგანს და სერიოზული დაზიანება მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის დასჭირდათ ქირურგიული ჩარევები.

მოვუწოდებ იმ პირებს, ვინც აგრესიულად არის განწყობილი და სჩადიან დესტრუქციულ ქმედებებს, ეს არ ეხება მხოლოდ პოლიციელების დაზიანებას, აზიანებენ ქონებებს, ინვენტარს, პარლამენტის შენობის რამდენიმე ადგილი დაწვეს, ჩაამტვრიეს შუშები, შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა იმ აქციის აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგაა, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ძალადობრივ ქმედებებში”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ივანიშვილს გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა

ვაჟა სირაძე ერთ-ერთია პოლიციის იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთაც ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის მთავრობებმა სანქციები დაუწესეს – ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

2 დეკემბერს, პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, – წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე – დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა.

სპეცრაზმი ხუთიოდე წუთით ადრე დაიძრა თავისუფლების მოედნიდან.

პარალელურად, 9 აპრილის ქუჩაზე მდგარი პოლიციელებიც დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ და დაიწყეს ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაკავება.

არაერთი ადამიანი დააკავეს.

პოლიციელები ამოვიდნენ ქვედა ქუჩიდანაც.

„არ დავიშლებით“, – ყვირიან დემონსტრანტები.

რუსთაველის გამზირზე კვლავ ათასობით ადამიანია შეკრებილი.

პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა; ისინი განლაგებულები არიან ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც.

მათ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში მოაქციეს დემონსტრანტთა გარკვეული ჯგუფი.

პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა ცისფერი გალერიის წინ.

შსს კვლავ მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებით ემუქრება.

დემონსტრანტების ნაწილი აგრძელებს პიროტექნიკის გამოყენებას.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა 22:10 საათისათვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button