დღეს ქართული არმიის დღეა
საქართველოში თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილე აღინიშნება. 1990 წლის დეკემბერში, ქვეყნის რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ეროვნული გვარდია შეიქმნა. სწორედ ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა ქართული არმიის შემდგომი განვითარება.
ამ დღესთან დაკავშირებით, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან, საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართულ დანაყოფებს პროფესიულ დღეს მიულოცავს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. მოგვიანებით კი, მახათას მთაზე ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.
ოფიციალურ დაწილს დაჯილდოების ცერემონიალი დაასრულებს, რა დროსაც, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ გადაეცემათ. ასევე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ. დღევანდელ დღეს, ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარათონით და ოფიციალური მიღებით აღნიშნავენ.
თბილისში, თავდაცვის ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.