მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა

დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა, 23 წლის გახდებოდა.

თემირლამ მაჩალიკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე, მისი ოჯახის წევრებმა კომენტარი არ გააკეთეს.
მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები, დღეს ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე წერს და ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება მალე იქნება, რადგან მთავრობასთან კომუნიკაცია უკვე დასრულებულია.

” თემირლანის მკვლელობა ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის ყველაზე მძიმე და ბრუტალური საქმე იყო. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების ისტორიაშიც, ეს საქმე ყველაზე მძიმეა, როცა ახალგაზრდა ბიჭი საკუთარ საძინებელში, ლოგინში მოკლეს და ხელისუფლებას არ ეყო იმის ღირსება და გონიერება, მისი დანაშაული ეღიარებინა და ამ აქტის სოციალური შედეგები გაეზომა. ამის ნაცვლად მან მაჩალიკაშვილების ოჯახის დეჰუმანიზება, დევნა დაიწყო და საინფორმაციო ომი გამოუცხადა.
ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმედიღა გვაქვს და იმედია, სასამართლოს გადაწყვეტილება მალე იქნება ხელმისაწვდომი. მთავრობასთან კომუნიკაცია უკვე დასრულებულია“- წერს მიქელაძე.

შეგახსენებთ, სპეცოპერაცია პანკისში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა. მეხუთე, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა და ორი კვირის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოში, მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტის უშედეგო ძიებისა და ბოლოს, პროკურატურის მიერ, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდეგ, მისმა მშობლებმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button