მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„დღესდღეობით ასეთი გეგმები არ არის“ – პუტინი ხარკოვის შესაძლო დაპყრობაზე

უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 53 586 ადამიანი შეადგინა

რუსეთი ხარკოვის ოლქში „სანიტარიულ ზონას“ ქმნის და ამჟამად არ აქვს ქალაქ ხარკოვის აღების გეგმა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა ჩინეთში, სადაც დღეს, 17 მაისს ასრულებს ორდღიან სახელმწიფო ვიზიტს.

პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა იმაზე, რაც „ხარკოვის მიმართულებით ხდება“, რადგან მისი განცხადებით, არ წყდება შეტევა მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიების საცხოვრებელ რაიონებზე, მათ შორის ბელგოროდზე და იქ მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.

„მე საჯაროდ ვამბობდი, რომ თუ ეს გაგრძელდებოდა, იძულებული ვიქნებოდით შეგვექმნა უსაფრთხოების ზონა, სანიტარიული ზონა. აი, ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა პუტინმა. შეკითხვას აქვს თუ არა რუსეთს ხარკოვის აღების გეგმა, პუტინმა უპასუხა, რომ „დღესდღეობით ასეთი გეგმები არ არის“. რუსეთის ჯარებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთზე სახმელეთო შეტევა რუსეთის ტერიტორიიდან 10 მაისს დაიწყეს და სხვადასხვა, მათ შორის უკრაინული წყაროების ცნობით, ათზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
რუსი ოკუპანტები ქალაქ ხარკივს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

ცეცხლის გახსნის შემდეგ ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა. ს

ამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, 13 დაშავებულიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს. დამატებითი ინფორმაცია დგინდება.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი 16 მაისს წერდა, რომ სამხედრო ოპერაციის ტემპი შენელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დაიკავეს რაიონები, რომლებიც უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, ნაკლებად დაცული იყო. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მიზანია „ბუფერული ზონის“ შექმნა და არა ხარკოვის ოლქის სიღრმეში შეღწევა. უკრაინის ხარკოვის ოლქსა და რუსეთის ბელგოროდის ოლქს შორის მსგავსი „სანიტარიული ზონის” შესაძლო შექმნის შესახებ პუტინმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა.

უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 53 586 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია “ბიბისის” რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ახალ ანგარიშში, რომელიც მოხალისეების მხარდაჭერით შეიქმნა.

აპრილში გამოქვეყნებული ანალოგიური ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიის დანაკარგი 51 ათასს შეადგენდა. ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად საჯარო წყაროების საშუალებით აღნუსხავენ დაღუპულ ჯარისკაცებს – მედიაში ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ცნობების, ოფიციალური ხელისუფლების განცხადებებისა და ადგილობრივი მედიისა და იმ სასწავლებლების ცნობებზე დაყრდნობით, სადაც ჯარისკაცები სწავლობდნენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მაისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა კვლავ დაიწყო ზრდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ხარკოვის რეგიონში მიმდინარე შეტევებით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაიღუპა 1 431 ჯარისკაცი, რაც უფრო მაღალია, ვიდრე 2022 და 2023 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები.
დაღუპულ რუს სამხედროთა დაახლოებით 20% პატიმარია, 14% – მოხალისე, 12% კი – მობილიზებული. სიკვდილიანობის აბსოლუტური რაოდენობის თვალსაზრისით ლიდერობენ კრასნოდარის მხარე (2022 სამხედრო), ბაშკირეთი (1953) და სვერდლოვსკის მხარე (1802).

ომში მონაწილე მხარეები ოფიციალურად თავს არიდებენ დანაკარგების შესახებ ცნობების გავრცელებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5 937 დაღუპულზე;
სამხედრო დანაკარგებზე ბოლო დრომდე საჯაროდ არც უკრაინის ხელისუფლება არ საუბრობდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ 2024 წლის 26 თებერვალს გაამხილა პირველად უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, მას არ დაუსახელებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button