მნიშვნელოვანისიახლეები

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს მათგან 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ნახევარზე მეტი, რომლებიც აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. [მათგან] 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე“, – წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ 71-მა ადამიანმა ითხოვა რეაგირება, რის გამოც მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. 71 პირმა ითხოვა რეაგირიება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც ერთ თვეზე მეტია, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აპროტესტებენ დემონსტრაციებზე სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“

პოლიციამ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე ათეულობით ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მსგავსი პოსტები

Back to top button