საქართველოსიახლეები

“დღევანდელი შედეგი 900 ტესტზე 2 %-ს არ აღემატება”

ე.წ. აგრესიული ანუ მიზნობრივი ტესტირება მიმართულია იმისკენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში მოხდეს აქტიური სკრინინგი, რათა ნებისმიერი შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა, კლინიკური გამოხატულება არ ჰქონდეს, გამოვლინდეს ტესტირების საფუძველზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა PCR (პისიარ) ტესტით ტესტირებულთა რაოდენობა. მინისტრის მოადგილის თქმით, გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და თუ ადრე ვსაუბრობდით დღეში 200-300 ტესტზე, დღეს ლაბორატორიებიდან მიღებული იქნა პასუხები 900-მდე ტესტზე და მათგან დადებითი შედეგები 2% -ს დაუდასტურდა. ამასთან, გაბუნიას თქმით, ტესტირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ გაიზრდება.

 

თამარ გაბუნიას თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ უცნობი შემთხვევები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტესტირებულთა რაოდენობა, პროპორციულად, დადასტურებული შემთხვევები შემცირდა: კერძოდ, დღემდე გაიტესტა 10 177 პირი და მათგან ვირუსი დაუდასტურდა 456-ს. ეს კი, მინისტრის მოადგილის თქმით, მარტივი მათემატიკაა, რომელიც ადასტურებს, რომ ტესტირებულებიდან დადასტურებული შემთხვევები მხოლოდ 4,5%-ია. დღევანდელი შედეგი კი, 2 პროცენტს არ აღემატება, რაც ადასტურებს, რომ „საზოგადოებაში უცნობი შემთხვევები არის მინიმალური, თუკი საერთოდ არსებობს“.

თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სამომავლო სტრატეგიის თანახმად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შესუსტდება შემზღუდავი ღონისძიებები, უფრო მეტი აქტიური ტესტირება ჩატარდება, რათა დროულად მოხდეს ყველა შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირება.

მსგავსი პოსტები

Back to top button