დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია ეს იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა-ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ კრემლმა დაინახა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ამის შემდეგ კი შეთანხმდნენ “ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან” ფრენების განახლებაზე.
ლავროვს ინტერვიუ ჰქონდა “ტასთან” სადაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას. ლავროვმა თქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან რუსეთს არ გაუწყვეტია.
მისივე მტკიცებით, რუსეთს არასდროს ჰქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ “ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ხალხი”.
“დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, ხელი აწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ და როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო. ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ”, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა და საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აღადგინა, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის.
“როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა”, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, იზრდება ფრენების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა.
2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შეწყდა ავიამიმოსვლა. რუსეთმა სავიზო მიმოსვლის პირობები კიდევ უფრო გაამკაცრა. ავიამიმოსვლა, თავდაპირველად ჩარტერული რეისებით, 2010 წლიდან აღდგა. საქართველომ რუსეთს სავიზო რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაუწესა და 2012 წელს თავადვე გააუქმა, რასაც რუსეთის საპასუხო ნაბიჯი არ მოჰყოლია. მანამდე, 2010 წელს, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, საქართველოში შემოსასვლელად ვიზები გაუქმდა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში შემავალი შვიდი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის მკვიდრთათვის. ესენია: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე.
მათ საქართველოში 90 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება მიეცათ. ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა რუსეთი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმდინარე წლის 10 მაისის განკარგულებების თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა და გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. 19 მაისს შესრულდა პირველი ავიარეისი მოსკოვიდან თბილისში.
ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (“როსავიაცია”) რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობის შესრულების შემდეგ შეეძლებათ.
ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო.