დირექტორის გარეშე დარჩენილი სკოლის პედაგოგები დახმარებას ითხოვენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლა ზამთარში შესაძლოა გათბობის, ხოლო პედაგოგები ხელფასის გარეშე დარჩნენ.

როგორც რადიო “ჰერეთს” სკოლის ადმინისტაციაში განუცხადეს, სკოლას თითქმის ორი თვეა არ ჰყავს დირექტორი, ხოლო ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

ყოფილი დირექტორი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. მოადგილის, მარინა თითბერიძის განცხადებით, მიმდინარე თვეში 25 პედაგოგს შესაძლოა სასწავლო პროცესის წარმართვა ხელფასის გარეშე მოუხდეს, რადგან სკოლა ფინანსურ გადარიცხვებს ვერ აწარმოებს.

ფინანსური პრობლემების გამო დაწესებულება ზამთრის სეზონისთვის მყარი საწვავის შეძენასაც ვერ ახერხებს.

განათლების სამინისტროში კი აღნიშნულ პრობლემებს უარყოფენ. მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნატა ასათიანის განცხადებით, სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, რომელიც უფლებამოსილია შესყიდვები აწარმოოს. როდის დაინიშნება ნინიგორის სკოლაში ახალი დირექტორი? ამ კითხვაზე ნატა ასათიანს პასუხი არ აქვს.

პედაგოგები განათლების სამინისტროსგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

მარინა თითბერიძე – ნატა ასათიანი_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button