დნიპროში რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, 44-მდე გაიზარდა საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 17 იანვრის შუადღემდე დადასტურებული იყო 41 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის სიკვდილი სხეულის დაზიანება 80-ზე მეტმა პირმა მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს. .
14 იანვარს, დნეპრზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის ნაწილი მთლიანად დაინგრა.
მაშველებმა ნანგრევებიდან 39 გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს, ისინი სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ. იძებნება კიდევ 25 ადამიანი.
16 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნეა არა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, არამედ აშკარა ან შენიღბული სამხედრო ობიექტები და ყველამ ნახა უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნაც, რომ დნეპრში ტრაგედია გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის საპასუხო რაკეტის ქმედებამ.
პესკოვი გულისხმობდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მოგვიანებით, არესტოვიჩმა თქვა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ბოდიშს იხდის, დღეს, 17 იანვარს კი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მიმართა განცხადებით, რომ მრჩევლის თანამდებობას ტოვებს.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრზე იერიში განხორციელდა რუსული ფრთოსანი რაკეტებით Х-22, რომელთა მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს, დიდი ალბათობით, მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან, Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.
ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის მინიშნებას, რომ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.
დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვა იყო ამჯერადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველდღიური ვიდეომიმართვის ერთ-ერთი მთავარი თემა. უკრაინის პრეზინდეტმა მომხდარს სამხედრო დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
“უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ინფორმაციის დადგენა იმ რუს სამხედროებზე, ვინც დნიპროზე დარტყმა დაგეგმა და განახორციელა. ეს თავდასხმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება. დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიში არის რუსეთის მორიგი მცდელობა, ხელში ჩაიგდოს ინიციატივა ომში.
ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. ამ მიმართულებით კარგი მაგალითი გვაქვს დიდი ბრიტანეთისგან. გამოცხადდა თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ზუსტად იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ტანკები, სხვა ჯავშანტექნიკა და არტილერია,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.