მნიშვნელოვანისიახლეები

,,დოკუმენტი სათარგმნია,,- ,,ნაციონალურმა ბუნდოვანებამ,,-ტყუილი ინფორმაცია გაავრცელა-კობახიძე კორუფციის შესახებ ანგარიშზე

ანტიკორუფციული ბიურო განცხადებას ავრცელებს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კორუფციის შესახებ ანგარიშზე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაცის ეხმაურება და მას ტყუილში ადანაშაულებს.

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უარს აცხადებს ჯგუფის მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე. პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ გასაჯაროებაზე თანხმობა გაცემულია – „დღეების ამბავია“.

GRECO 1999 წელს ევროპის საბჭოს (იგივე ევროსაბჭოს) მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ამოწმებს, რამდენად ასრულებენ წევრი სახელმწიფოები ევროსაბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებს.

2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცეს. შეფასებისათვის GRECO-ს დელეგაცია 2023 წლის ივნისში იმყოფებოდა საქართველოში.

ორგანიზაციის ვებსაიტის თანახმად, ანგარიშმა შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. მათ შორის:

ეთიკის პრინციპები,
ინტერესთა კონფლიქტი,
ცალკეულ აქტივობათა აკრძალვა,
ქონების, შემოსავლების, ვალდებულებებისა და ინტერესთა დეკლარარიება.
„ანგარიში კონფიდენციალურია“, – მითითებულია GRECO-ს ვებსაიტზე.

ორგანიზაციის საიტზე მითითებული განმარტების თანახმად, შეფასების ანგარიში საჯაროვდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.

2024 წლის აპრილში არაერთი ქვეყნის ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნდა, მათ შორის საქართველოს მეზობელი სომხეთის შესახებ.

ინფორმაცია საქართველოზე GRECO-ს ანგარიშის დაფარვაზე პირველად ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) გაავრცელა 26 აპრილს.

„სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე“, – აცხადებს TI.

ორგანიზაციის ცნობით,

შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.
GRECO-ს მონიტორინგის მე-5 რაუნდის მაკოორდინირებელი უწყება ანტიკორუფციული ბიუროა [ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში შეიქმნა].
GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დეოლიგარქიზაციის შემადგენელი კომპონენტიცაა.
მედია დაუკავშირდა ანტიკორუფციულ ბიუროს, სადაც განაცხადეს, რომ „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ და თქვეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას გაავრცელებენ.

განახლება: მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული“.
მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როდის განაცხადა საქართველომ თანხმობა.
“ალბათ GRECO-ს ანგარიშზე საუბარი. ეს ტყუილ გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება. სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც ჰქვია. ანუ, ნაციონალურმა ბუნდოვანებამ გამოაქვეყნა ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ დავმალეთ გრეკოს ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. ტექნიკური საქმეა დარჩენილი- თარგმნა, დღეების ამბავია, როგორც კი ითარგმნება, მაშინვე იქნება გამოქვეყნებული”- თქვა კობახიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო პროცედურულად უშვებს შეფასების ანგარიშების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას მხოლოდ ისეთი ქვეყნის მთავრობები იყენებენ, სადაც კორუფცია განსაკუთრებული პრობლემაა“.

„გამჭვირვალობა“ იხსენებს, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად განუცხადა უარი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე, – როდესაც ქვეყანას OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ ევროკომისია მოუწოდებს.

გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოების თანახმად, „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა, განსხვავებით უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთისგან.

„მოვუწოდებთ, ანტიკორუფციულ ბიუროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში და ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, შეუერთდნენ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,,

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2024 წლის 26 აპრილის განცხადება, “საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს“, არის სიცრუე! – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ბიუროს ცნობით, საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს 96-ე პლენარულ სესიაზე დამტკიცებული საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშისა და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატების საჯაროობას.

“2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყოვნებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2024 წლის 18-22 მარტს, ქ. სტრასბურგში გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარული სესია, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატება.

პლენარული სესიების ფარგლებში საქართველოს შეფასების ანგარიშებთან ერთად დამტკიცდა:

1. იტალიისა და სომხეთის მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშები;

2. საბერძნეთის, ლიეტუვის, საფრანგეთის, ბელგიისა და ხორვატიის მე-5 რაუნდის პირველი ან მეორე შესაბამისობის ანგარიშები;

3. საქართველოს, იტალიის, ბელგიის და გერმანიის დამატება ან მეორე დამატება მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე;

4. ყაზახეთის შეფასების პირველი და მეორე რაუნდის შესაბამისობის გაერთიანებული ანგარიში;

5. შვეიცარიის შეფასების მესამე რაუნდის მეორე დამატება მეორე შესაბამისობის ანგარიშზე.

GRECO-ს შემფასებელი ჯგუფებისთვის დამტკიცებული სახელმძღვანელოს თანახმად, შეფასების პროცესის ყველა ეტაპი არის კონფიდენციალური, ვიდრე ქვეყანა არ უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტის საჯაროობას.

2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა.

ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას ასევე დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გონივრულ ვადაში თარგმნოს და გამოაქვეყნოს მიღებული ანგარიშები, რაც ასახულია GRECO-ს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშების თარგმნა, მისი მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებს გონივრულ ვადას, რის გამოც ზემოაღნიშნული ანგარიშების უმეტესობა კვლავ არ არის გამოქვეყნებული და რჩება კონფიდენციალური. 96-ე პლენარული სესიაზე დამტკიცებული 14 ანგარიშიდან ნათარგმნი და გამოქვეყნებულია მხოლოდ 3 ანგარიში. ანგარიშები არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, ბელგია, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი. შესაბამისად, თარგმნის დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე, თითოეული ამ ანგარიშის სტატუსი რჩება „კონფიდენციალური“ GRECO-ს რეგლამენტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყოვნებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე,” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს.

ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button