მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ქართული ოცნება” ამტკიცებს რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება

სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად 27-იდან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო

ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება – რეზოლუციის სარეკომენდაციო ხასიათზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი და ირწმუნება, რომ არც ქვეყნის ევროინტეგრაციას და არც ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება. “ქართულ ოცნება” ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის უკან გაწვევას ეხება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი ამტკიცებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვას 18 თვე, ევროკომისიის საბოლოო დასკვნა და ევროკავშირის 27 ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება.

“ეს არის რეზოლუცია, რომელიც არის რეკომენდაცია აღმასრულებელი ძალების მიმართ, რომ გადაიხედოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ეს არის მხოლოდ შანტაჟი იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციების მხარდაჭერას, პირველ რიგში, სჭირდება 27 ქვეყნის მხარდაჭერა. როდესაც ვიცით, რომ 27 ქვეყანა ამ სამარცხვინო რეზოლუციას არ დაუჭერს მხარს, ეს არის მანიპულაცია და ხალხის შეცდომაში შეყვანა”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის ჩაწერა ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყველა ის პოლიტიკური გზავნილია თავმოყრილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებით ჰქონდა.
„უვიზო მიმოსვლასა და ამ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშანი იმ რეზოლუციამ დასვა, რაც რელევანტური არ არის. რეზოლუციაში ყველა ის პოლიტიკური გზავნილია თავმოყრილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებით ჰქონდა. ეს რეზოლუციაშია თავმოყრილი. უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე საკითხი ვერ დადგება იმ პოლიტიკური მიზეზების გამო, რაც „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს აწუხებთ. ვხედავთ, რომ აქ ყველაფერი ჩაყარეს. ევროპარლამენტმა მუშაობა დაამთავრა და რომ იტყვიან, საქართველოს წინააღმდეგ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ყველა გზავნილი ერთ რეზოლუციაში გააერთიანეს. ვიზალიბერალიზაციის ჩაწერა ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ. სააკაშვილის ნაწილს რაც შეეხება, აქაც ცოტა იმპროვიზაცია დააკლდათ, რადგან დროში ცაიტნოტი ჰქონდათ. როგორც ჩანს, ეს მოწვევა იხურებოდა და იმასაც ვერ გაუწიეს ანგარიში, რომ მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მისი ჯანმრთელობა ისეთია, არასდროს რომ არ ყოფილა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოსახლეობის მიერ არის ნაკარნახევი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება, სუვერენულ სახელმწიფოს ვიზალიბერალიზაცია წაართვას.
„დარწმუნებული ვარ, შარშანდლის მსგავსად დაფინანსებული რეზოლუციაა. გონივრული ეჭვია, იმიტომ, რომ „ფარას“ კანონის დროს ვნახეთ, მილიონი დოლარი იყო გადახდილი ლობისტებში, რომლებმაც ტექსტები დაწერეს. აქაც ანალოგიურად არის. ორი კვირა აქვთ დარჩენილი კუბილიუსებს და ფოტიგებს ევროპარლამენტარის სტატუსის შენარჩუნებამდე, მერე არჩევნები დაიწყება და იმედი მაქვს, იქ ვერ ვნახავთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სიცრუეს ტირაჟირება, უარგუმენტოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება. ​გასულ წელს ეს ადამიანები გვეუბნებოდნენ, სანამ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, კანდიდატის სტატუსი დაივიწყეთო, არ მიიღებთო. ჰგონიათ, დაავიწყდა ქართველ ხალხს, როგორ გვემუქრებოდნენ. სააკაშვილი კრიმინალია, სტრასბურგმაც კი დაადასტურა ეს და არ მიიღო განხილვაში, როგორც გვარამიასი. საპირწონედ დაგვიდეს ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსი. საკუთარ ქვეყნებში ფოტიგა, რაისა და კუბილიუსი თავის დროზე ერთ-ერთი მაგარი კომუნისტები იყვნენ და გორბაჩოვის „პერესტროიკასთან“ თანამშრომლობდნენ, მათმა მოქალაქეებმა მითხრეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, სწორედ ეს ადამიანები დღეს მმართველ გუნდს ასწავლიან, როგორ მართონ ქვეყანა, დემოკრატია როგორ უნდა წარიმართოს.
„უძველესი დემოკრატიისა და ცივილიზაციის მქონე საქართველოს გვასწავლიან და გვეუბნებიან, სააკაშვილი უნდა გამოუშვათ, თორემ გემუქრებით, კანდიდატის სტატუსს წაგართმევთო. იგივე მარაზმი ჩაიდინეს ახლაც. ქართველ ხალხს და საქართველოს დაემუქრნენ ვიზალიბერალიზაციის წართმევით. ვინ ეკითხება კუბილიუსს? ეს არ არის მათი კომპეტენცია, სარეკომენდაციოა. გვეუბნებოდნენ, პოლიტპატიმარი სააკაშვილი გამოუშვით, თორემ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსსო, ის ციხეში ზის, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ დამსახურებულად, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ანალოგიურადაა აქაც“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება სუვერენულ სახელმწიფოს წაართვას ვიზალიბერალიზაცია.
„რა ჩავიდინეთ, რომ კანონს ვიღებთ? ჩვენი საქმიანობა არის კანონის მიღება. ეს კანონი ჩვენი მოსახლეობის მხრიდან არის ნაკარნახევი, რომ დავიცვათ სუვერენიტეტი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის მიერ პწკენა ქართველი ხალხის მიმართ.
„ევროპარლამენტარები თავად არიან მმართველ საბჭოში. მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ის ფონდია, რომელიც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზებას ჩუმად აფინანსებს, რომელიც საქართველოში პარტიებს ჩუმად აფინანსებს და ზუსტად მათ ინტერესშია, რომ ეს ხარჯები დარჩეს დაფარული. ცდილობენ, საკუთარი შესაძლებლობა ევროპარლამენტში გამოიყენონ ქართველ ხალხზე თავდასასხმელად. ამიტომ, ეს არის სწორედ იარაღად გამოყენება რეზოლუციების. რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ქართველი ხალხის მიმართ.
იქ ისიც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ბევრი რამ წერია. საქართველოს მოსახლეობას არაფერი ემუქრება. ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება. ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე დეპუტატის პწკენა. რამდენიმე კვირაში ეწურებათ მათ მანდატი. ივნისშია არჩევნები, ასე რომ, ეს არის ბოლო გაბრძოლება, რათა ქართველ ხალხს რაღაცნაირად სიტყვიერად თავს დაესხან, აქ მეტი არაფერი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე ქართველი ხალხის დაშინების მცდელობაა.
„ამიტომ არის, რომ 29 აპრილს ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს და ევროპარლამენტში ამ დეპუტატებს აჩვენონ, რომ ქართველი ხალხი არავის დაუშინებია და მით უმეტეს, ეს რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში ვერ დააშინებს ქართველ ხალხს. როგორ უნდა რუსის ძახილი ქართველი ხალხის მიმართ, 29 აპრილს ამ ხმას გაიგებენ ქართული ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მერე დავინახავთ, რა ხასიათზე დადგებიან. ერთი მუჭა „ენჯეო“ და ერთი მუჭა ოპოზიციონერი რუსებს რომ გვეძახის ქართველ ხალხს, ეს ხალხი გამოვა – სტუდენტიც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ექიმიც, ინჟინერიც, მოხუციც, ახალგაზრდაც, ქალიც, კაციც. მთელი საქართველო იქ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს.
რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე: „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.

“ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რასაც ასე ტირაჟირებენ ჩვენი ოპონენტები, კარგად გამოაჩინა მათი რეალური მიზნები – რა მიზნები აქვთ საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით და საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმს საქართველომ სწორედ არსებული ხელისუფლების საქმიანობის შედეგად მიაღწია. როგორც ბოჭორიშვილი განმარტავს, როგორც უვიზო რეჟმის მიცემა, ისე გაუქმება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, წარმოუდგენელია ამ ნაბიჯის გადადგმა წევრი სახელმწიფოების თანხმობის გარეშე.
“უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად და ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს არის სწორედ ჩვენი საქმიანობის საფუძველზე მიღწეული ის შედეგი, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. რაც შეეხება გაუქმებას – როგორც უვიზო რეჟიმის მიცემაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიმე სახელმწიფოსთვის, ასევე გაუქმებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე ამის გაკეთება”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა
მან ასევე ისაუბრა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც და განაცხადა, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით ეს საფუძვლები არ არსებობს, შესაბამისად, არ არის პანიკის და აჟიოტაჟის საფუძველი.
“რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, რაზეც დღეს დაიწყეს საუბარი, შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და დღეს არის შეთანხმებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ემსახურება ერთ მიზანს, რომ მაქსიმალურად მოხდეს წევრი ქვეყნების წუხილების დაკმაყოფილება, როდესაც საქმე ეხება არალეგალური მიგრაციის გაზრდას და ზოგადად, მიგრაციიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს და ამის არც პანიკის და იმ აჟიოტაჟის საფუძველი არსებობს, რა აჟიოტაჟიც არის ატეხილი. ეს არის ძალიან კარგად გაწერილი პროცესი, თუკი ასეთი საფრთხის ქვეშ დგას რომელიმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომ მას საფრთხე ექმნება მიგრაციული ნაკადებისგან ან რეადმისიის შეთანხმების არშესრულებისგან, მათ აქვთ უფლება, ევროკომისიას მიმართონ და ევროკომისიამ დაიწყოს მსგავსი პროცედურა, თუმცა, ამის საფუძვლები არის ძალიან კარგად გაწერილი და ეს საფუძვლები საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. ასევე, ჩვენ ევროკომისიასთანაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ მსგავსი საფრთხე საქართველოს არ შეჰქმნოდა თუნდაც ამ წლების განმავლობაში რაც ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტარებმა, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, რეზოლუციაში ახსენეს ვიზალიბერალიზაცია, რათა საზოგადოებაში შიში გაჩენილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ქვეყანაში უამრავი რეფორმა გატარდა და სწორედ ამ რეფორმების შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს თავისუფალი სავიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. შესაბამისად, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ საფრთხეზე, თითქოს შესაძლებელია ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. როგორც ვიზალიბერალიზაციის მიღებას ჰქონდა თავისი წესი, ასევე შეჩერების პროცედურაც არის ძალიან მკაცრად გაწერილი და თავისი წესი გააჩნია.
ევროპარლამენტარების კონკრეტულმა ჯგუფმა, რომელიც რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი, მოახერხა რეზოლუციაში ასეთი ტექსტის ჩადება. ეს ემსახურებოდა საზოგადოებაში გარკვეული შიშის გაჩენას, ხომ არ ხდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ამას ხელიდან არ გაუშვებდნენ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, ევროპარლამენტი შანტაჟის ენას იყენებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ წინა რეზოლუციების, რომლებიც გააქარწყლა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ვითომ წამებასა და კეზერაშვილის ვითომ მედიამენეჯერობაზე.
„ბოლო მოწვევის სესიაა და ბოლო რეზოლუცია საქართველოს მიმართ წკეპლასავით გამოიყენა, რაც არ იქნება ქართველი ხალხის მიმართ, რადგან ვიცით, უვიზო მიმოსვლა როგორ გაიცემა და ამას როგორი თანხმობა სჭირდება. ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება, თუმცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი კორუფციაშია მხილებული და მალე „ფარაში“ ვნახავთ, რამდენი მილიონი დაიხარჯა რეზოლუციებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რუსული კანონით არათუ პროგრესი და ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება გვაქვს, არამედ რეალური შანსია იმის დაკარგვის, რაც ხალხმა მოიპოვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძეს ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაზე დაუსვეს კითხვა, კონკრეტულად კი, ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე.
„„ქართული ოცნების“ დამსახურებით ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე სურათი. იმ რუსული კანონით, რომელიც პირდაპირი საბოტაჟი, რკინის კარია ჩვენსა და ევროპას შორის, არა თუ პროგრესი გვაქვს და დაჩქარებული წესით გაწევრიანება, არამედ რეალური შანსია იმის დაკარგვის, რაც ხალხმა მოიპოვა.
საუბარია უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესაძლებლობაზე. საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიკეტება საქართველოსთვის, ვიდრე ეს რუსული კანონი იქნება. პირდაპირ ვუსვამ კითხვას კალაძეს, მდინარაძეს, კობახიძეს, ივანიშვილს, მათ ბელადს, რა დაგიშავათ საქართველომ? უვიზო იქნება მიმოსვლა თუ მის გარეშე, კალაძე მაინც წავა მილანში და შეიჭრის თმას თვეში ერთხელ, ან ღარიბაშვილი წავა დუბაიში „საგულაოდ“, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა დააშავა, რომელიც ევროპაში სასწავლებლად მიდის? სასწავლო ვიზებიც გართულდება. რა დააშავეს მოქალაქეებმა, რომლებიც სამუშაოდ მიდიან ევროპაში? ხომ გამოჩნდა, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე. მათთვის მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად, მოიპარონ ბევრი ფული და შემდეგ ამ მოპარული ფულით „იგულაონ“. მტკიცებითში ვსაუბრობ, რადგან გუშინ კალაძემ მოიტყუა, როცა თქვა 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება უვიზო მიმოსვლის გაუქმებასო. 27 კი არა, უმრავლესობითაც შესაძლებელია, რაც არ მიხარია, ცუდია, მძიმეა საქართველოსთვის და მე ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ყოველდღიურად აფუჭებს ურთიერთობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ევროპარლამენტმა გუშინ რეზოლუცია მიიღო, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს.
რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე: „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.

არ ვიცი, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რა აღსრულდება და რა არა, მაგრამ იქ ის საკითხებია მოხვედრილი, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არაფერში აწყობს და არც არაფერში სჭირდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შეუძლებელია, ზუსტად ითქვას, ჩამოართმევენ თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას.
„შეუძლებელია, ზუსტად ვთქვათ, ვიზალიბერალიზაციას ჩამოგვართმევენ თუ არა, მაგრამ რაც ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, არის ის კითხვები, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება? რატომ აყენებს კითხვის ნიშნის და დარტყმის ქვეშ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, ვიზალიბერალიზაციასა და ევროპასთან ურთიერთობას? ეს არის მკაფიო გზავნილი ქართველ ხალხთან მისი მთავრობის დამოკიდებულების. ხელისუფლება ამაყობდა, რომ ვიზალიბერალიზაცია მოუტანა ქვეყანას და ახლა საკუთარი უგუნური, დაუსაბუთებელი და აუხსნელი გადაწყვეტილებით რისკავს, ქართველმა ხალხმა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს.
რატომ დგას გარისკვის საჭიროება, ამით რა პრინციპს ვიცავთ და რატომ არის ეს ევროპისკენ სვლა, თუ ასეთი ნაბიჯების შედეგად, შეიძლება, ვიზალიბერალიზაცია დავკარგოთ, წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რა აღსრულდება და რა არა, მაგრამ იქ ის საკითხებია მოხვედრილი, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არაფერში აწყობს და არც არაფერში სჭირდება. იბადება კითხვა, რომელსაც ყოველ წუთს ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით? ან რა ღირებულება დევს ამ ე.წ. ენჯეოთა გამჭვირვალობაში ისეთი, რომლის საფასურადაც ქვეყნის თანამდებობის პირები უნდა დასანქცირდნენ, ხალხმა უნდა დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და არ უნდა დავიწყოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები?“ – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის უკან წაღება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება და ბუნებრივია, ივანიშვილის პარტია გამოიყენებს საკუთარ პროპაგანდას, რომ შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თითქოსდა ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 15 სახელმწიფოს შეთანხმების პირობებში, შესაძლებელია, საქართველომ ეს მონაპოვარი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება, დაკარგოს.
“ჩვენ, როგორც პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიცია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული ევროკავშირში, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება სულ რამდენიმე თვეში შეიცვლება და ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ უვიზო მიმოსვლის სიკეთეს, არამედ კაპიტალიზებას მოვახდენთ კანდიდატის სტატუსზე და გავხსნით მოლაპარაკებას ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ვიზალიბერალიზაცია დიდი საფრთხის ქვეშ დადგა. ევროპარლამენტმა თავისი რეკომენდაცია უკვე ასახა საგანგებო რეზოლუციაში და ევროკომისიას მოუწოდა გადახედოს საქართველო მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს.
ქართული ოცნების მხრიდან კი ევროპელი დეპუტატების ხისტ გადაწყვეტილებას მორიგი შეტევა და შეურაცხმყოფელი თავდასხმა მოჰყვა.
დღეს ოცნების პროპაგანდა პრემიერ მინისტრმა განაგრძო და იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი არ დადგება და ევროპარლამენტის მოთხოვნა განუხორციელებელია. რეალურად კი იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება არ შეწყვეტს დესტრუქციულ ქმედებებს, ევროინტეგრაციის საბოტაჟს და არ გაიწვევს რუსულ კანონს, საქართველომ შესაძლოა ამ დრომდე მიღწეული ყველა წარმატება დაკარგოს, მათ შორის ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა.
ოცნების პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ამ პროცედურას ევროკავშირი ვერ დაიწყებს, რადგან 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება.
გიგა გიგიაძე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და 2014 -2016 წლებში მთავარი მომლაპარაკებლის სტატუსი ჰქონდა, განმარტავს რომ ოცნების წევრები საზოგადოებას ატყუებენ და შეცდომაში შეჰყავთ, რადგან უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვის დაწყებისთვის ევროკავშირის 15 წევრის თანხმობაც საკმარისია.
რაც შეეხება კრიტერიუმებს რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმალური მიზეზი ხდება. ის ევროპაში მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის პრობლემების შექმნას და ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა მოიცავს. რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს ამ მიმართულებით დარღვევები აქვს, თუმცა სტრატეგიული პარტნიორების კეთილი ნების გამო, უვიზო მიმოსვლის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში ამ დრომდე არ დამდგარა. მაგრამ თუ ივანიშვილის ოცნება რუსულ კანონს მიიღებს, მაშინ ევროკავშირისგან საპასუხო ნაბიჯიც იქნება.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ევროკავშირმა რამდენჯერმე უკვე აამოქმედა. ევროპის 27 ქვეყანაში უვიზოდ ვეღარ ჩადიან ალბანეთისა და ვანუატუს მოქალაქეები. ამავე რეგულაციებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს.

ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია საქართველოში კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და ვიზალიბერალიზაციას არაფერი ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button