დონალდ ტრამპის ვაჟს მუქარისა და თეთრი ფხვნილის შემცველი წერილი გაუგზავნეს

შტატ მასაჩუსეტსის საფოსტო შტემპელიანი წერილი 32 წლის ერიკ ტრამპის მისამართზე გაგზავნეს, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მახლობლად Trump Parc East-ის 14 სართულიან სახლში ცხოვრობს. The New York Post-ის ინფორმაციით, წერილში დონალდ ტრამპის შვილების მისამართით მუქარის სიტყვები ეწერა.

CBS News-ი გვაცნობებს, რომ წერილში ხაზგასმით აღნიშნული იყო, რომ თუ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი – დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის, მაშინ მის შვილებს ცუდი დღე დაადგებათ.

როგორც ცნობილი გახდა, წერილი ერიკ ტრამპის მეუღლემ, ტელეპროდუსერმა ლარა იუნასკამ გახსნა და როცა იქიდან თეთრი ფხვნილი გადმოიყარა, მან სასწრაფოდ გამოძიების ფედერალურ ბიუროში დარეკა.

ABC News-ზე დაყრდნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნივთიერებას შეიცავდა წერილი.

შეგახსენებთ, რომ პრაიმერიზის შედეგების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის მაძიებელ რესპუბლიკელ კანდიდატთა შორის დონალდ ტრამპი ლიდერობს. მისი მთავარი კონკურენტი დემოკრატიული პარტიიდან ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონია.

მსგავსი პოსტები

Back to top button