მნიშვნელოვანირეგიონი

ძალადობაში ბრალდებული ყოფილი დეპუტატის განაჩენის გამოცხადება ერთი კვირით გადაიდო

ძალადობაში ბრალდებული ყოფილი დეპუტატის განაჩენის გამოცხადება ერთი კვირით გადაიდო.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, მიხეილ გრემელაშვილის ბრალდების საქმეზე, თელავის რაიონული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს 4 ივლისს გამოცხადებს.
სასამართლო სხდომა, ბრალდების მხარის შუამდგომლობით გადაიდო, რომელსაც მხოლოდ რეპლიკა აქვს წარმოსათქმელი.
ბრალდებულის ადვოკატის, ქეთევან ზაქარიაშვილის განმარტებით, დაცვის მხარეს გამამართლებული განაჩენის მოლოდინი აქვს.

” ჩვენ, ველოდებით და ბუნებრივია, სურვილი გვაქვს, გამამართლებელი განაჩენი დადგეს. ყველაფერი მაინც სასამართლოს გადასაწყვეტია, ვნახოთ, რა გაიზიარა ჩვენს სასარგებლოდ არსებული მტკიცებულებებიდან და რა- არა”- განაცხადა ზაქარიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობაში ნათესავმა ამხილა.

2020 წლის 8 ივლისს, სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ბიძაშვილმა შვილებს წყლის დაგვიანებით მიტანის გამო სცემა.
კუკუნაშვილი ამტკიცებდა, რომ საკრებულოს დეპუტატი ცოლ-შვილზე წლების განმავლობაში ძალადობდა და ოჯახის წევრებს იარაღითაც ემუქრებოდა.
ყოფილი დეპუტატი პოლიციამ დააკავა და ბრალი ოჯახის წევრებზე ძალადობის, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის წაუყენა.

საქმის მასალების თანახმად, მიხეილ გრემელაშვილი თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად ძალადობდა მათზე.
სამართალდამცავებმა დეპუტატის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.
თელავის რაიონულ სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, გრემელაშვილის მეუღლემ და შვილებმა, გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება აღარ დაადასტურეს და დეპუტატის მხრიდან მათზე განხორციელებული ძალადობა უარყვეს.

თავად დეპუტატი, სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ დეპუტატს, 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მიხეილ გრემელაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 2017 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოში, შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად, ” პარტია „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

საკრებულოში ყოფნის პერიოდში, გრელაშვილმა პარტია დატოვა და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button