მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხია”

“საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხია და მმართველი პარტია საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე, ფაქტობრივად, სრულად ახორციელებს კონტროლს.” – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებაშია” აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მთავრობის საქმიანობაზე არაფორმალური გავლენა და ასევე, მედიასა და ბიზნესზე ხელისუფლების მზარდი ზეწოლაა. „ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა ამჟამად სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეფასებული 12 ინსტიტუტიდან, მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა: სახალხო დამცველს (80,5), სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (73,5) და საარჩევნო ადმინისტრაციას (68). კვლევის ფარგლებში გამოკვეთილ მნიშვნელოვან პრობლემებს შორისაა: ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხი და მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე; არაფორმალური გავლენა მთავრობის საქმიანობაზე; პარლამენტისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, რაც ამცირებს მათ უნარს, ქმედითი ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას; პოლიტიკური კონკურენციის სისუსტე, რასაც საფუძვლად უდევს მმართველი პარტიის პრივილეგირებული წვდომა რესურსებზე, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების უუნარობა, ქმედითი რეაგირება მოახდინონ საარჩევნო დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების დარღვევებზე და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე; ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე; ხელისუფლების წარმომადგენელთა თავდასხმები სახალხო დამცველსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.” – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან. „ძალაუფლების კონცენტრაციის შემცირებისა და საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა პოლიტიკური კონკურენციის წახალისება, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმირების გზით; უნდა გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისთვის გამიზნული სამართლებრივი ნორმების აღსრულება პრაქტიკაში, რაც გულისხმობს ამ ნორმების დარღვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების ქმედითი სისტემის შექმნას. ვინაიდან არსებული სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში ვერ ხერხდება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება, საქართველომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც დაცული იქნება მის საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან. რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნის მიზნით, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან და უზრუნველყოს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება და დაწინაურება პრაქტიკაშიც მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე ხდებოდეს. უნდა აღმოიფხვრას ე.წ. კლანის გავლენა სასამართლო სისტემაში, რაც მისი წევრების სისტემიდან გათავისუფლებას საჭიროებს. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს სახალხო დამცველზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნებისმიერი სახის ზეწოლისგან, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის მცდელობები და დეზინფორმაციის კამპანიები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.” – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button