“…ძალიან დიდი შანსია, მივსულიყავი [20 ივნისის] აქციაზე”

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში რომ არ ყოფილო, შესაძლოა, 20 ივნისის აქციაზე მისულიყო, თუმცა იქაურობას დატოვებდა, თუ დაინახავდა, რომ “ვიღაცის ბოროტ პოლიტიკურ მიზნებში” ჯდებოდა.
“იმ დღემ [20 ივნისი] აჩვენა ის, რომ ჩვენი შეცდომით, ბოროტად ისარგებლა ვიღაცამ, ამ შემთხვევაში, ეს ვიღაც იყო კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი, ნაცმოძრაობა და მისი სხვადასხვა განშტოება. ეს იყო რეალობა, ისარგებლა ბოროტად.
“ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ: რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ძალიან დიდი შანსია, იმ დღეს იქ მივსულიყავი საპროტესტო აქციაზე. მაგრამ, როგორც კი დავინახავდი, რომ ვიღაცის ბოროტ პოლიტიკურ მიზნებსა და მავნე ზრახვებში ვჯდებოდი, დავტოვებდი იქაურობას, როგორც ეს გააკეთა იქ მყოფი ადამიანების 9/10-მა.
“ეს არის სულ. იქ იყო საპროტესტო აქცია, – მართლა, რეალურად გაბრაზებული მოქალაქე, რომელმაც ნახა და მართლა გასაბრაზებელი იყო, მეც გავბრაზდი, გიჟივით მივვარდი პარლამენტში, გახსოვთ.”- თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოჰყვა.
ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. დაშავდა 300-მდე ადამიანი, 187 დემონსტრანტი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 სამართალდამცველი.
ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. აქციის ორმა მონაწილემ კი, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს.