მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

ძებნილის ექსტრადირება ჩეხეთიდან საქართველოში

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩეხეთიდან განხორციელდა გიორგი ლიპარტელიანის ექსტრადირება, რომელიც სასამართლომ 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში სცნო დამნაშავედ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, ლიპარტელიანი დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუსაჯეს პატიმრობა 3 წლის ვადით. მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. “კუდები 3” ტრასაზე თხილამურით სრიალისას, გიორგი ლიპარტელიანმა უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის სალომე ტატიშვილს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, საქართველოს მიერ ძებნილი გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა.

გიორგი ლიპარტელიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ამ დრომდე ჩეხეთს აფარებდა თავს. მას გამამართლებელი განაჩენი, თავდაპირველად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოუტანა, თუმცა შემდგომი ინსტანციის ორივე სასამართლომ ლიპარტელიანი გაამტყუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button