“ე ფარატინა ქაღალდი რად მინდოდა, მე თქვენ გელოდებოდით” – ლია კამლაძის ბლოგი
მივლინება გვაქვს ლაგოდეხში. ისე მოხდა, რომ საღამომდე ვერ შევძელით წასვლა. ორი გოგონა ვართ,- მე და თამრო. პირდაპირ ლაგოდეხში მიმავალი ავტობუსი აღარ იყო, ამიტომ გვირჩიეს წნორის ავტობუსს გაყევით და იქიდან ლაგოდეხისკენ ყველაფერი წავაო.
ასე აღმოვჩნდით წნორის სადგურში, მაგრამ ბედის დაცინვა, არანაირი ტრანსპორტი არ ჩანს, ვდგავართ დიდი ჩანთებით და აქეთ-იქით უაზროთ ვიყურებით.
ამ დროს ყვითელი, ახალთ-ახალი (ბზინავს), მსუბუქი მანქანა (მარკა და ასეთი რაღაცეები არ ვიცი), გარშემო გვივლის.
არ მომეწონა ეს ამბავი და სანამ თამრიკოს აზრს გავუზიარებდი, მანქანამ ჩვენს ფეხებთან დაამუხრუჭა: ,,სად მიდიხართ, გოგოებოოო” (კილო კახური, ბიჭი – ,,კაი” კახელი), პასუხი თამრომ დამასწრო: ,,ლაგოდეხში უნდა ვიყოთ დღეს აუცილებლად”…
,,დაჯექით”-მოკლედ მოჭრა კახელმა და სანამ რამეს მოვიფიქრებდი, თამრო უკვე მანქანაში იჯდა. სხვა გზას, უბრალოდ, ვერ ვხედავდი და მეც დავჯექი…
,,შენა (ე.ი. მე), წინ დაჯე რა?”-რა ვქნა ახლა? კაცს ამხელა გზაზე მივყავართ…გადავჯექი და ჩვენი კახელი ფრიად კმაყოფილი დარჩა. გავიგეთ მამუკა ქვია, წნორის რკინიგზის სადგურის უფროსია, ნუკრიანში ცხოვრობს და სხვა ყველაფერი აქვს, ცოლი აკლია მხოლოდ…
ამ ამბავმა თამრო ძაან გაახალისა და დაიწყო ჩემი ქება, როგორი კარგი დიასახლისი ვარ, როგორ სადილებს ვამზადებ და ამ დროს მამუკამ კახელისთვის (ზოგადად ქართველისთვის), უჩვეულო აზრი გამოთქვა: ,,რას ამბობ, ამაი სადილებს არ გავაკეთებინებ, ამაი მოვლილი ფრჩხილები აქვს (შეუთვალიერებია)…
მა, დედაჩემი რას მიკეთებს?!: …-ეს ბოლო ფრაზა მაღალ ხმაზე და წამოყვირებით…
თამრო ხალისობს, მამუკა გაბადრულია, მე გონებაში ვანგარიშობ, ლაგოდეხში როდის ჩავალთ და იმ დღეს მოვასწრებთ რამეს თუ არა…
ჩავედით. მამუკა დაგვემშვიდობა და დაგვიბარა, ხვალ საღამოს 6-საათზე გამოგივლითო. ჩვენ საქმეებით ისე გავერთეთ, მამუკა დაგვავიწყდა, მაგრამ არ დავავიწყდით მამუკას, რომელიც ზუსტად 6-საათზე გამოცხადდა გამოპრანჭული და რესტორანში დაგვპატიჟა.
არსად ისეთი წესიერი, პატიოსანი და მართალი კაცები არ მინახავს, როგორც კახეთში. თან გადაგვყვნენ და ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ უკადრებიათ (ერთი ეს იყო, ვინც კი სუფრაზე შემოგვესწრო, მამუკა ყველას ასე აცნობდა :,,ესა (მე), ჩემია, ისა კიდე,-თავისუფალია”-ო)…
თამრო ხალისობდა: ,,ბედი გაგეხსნა, ნუკრიანის სერზე რომ გადმოდგები, ძროხასთან ერთად, რა სანახავი იქნებიო”…
მოკლედ, კარგი სუფრა იყო, კარგ კახელებთან…მეორე დღეს წამოვედით.
სხვა რაღაცეებთან ერთად, მამუკას ვკითხეთ, როდის ჰქონდა დაბადების დღე, 5-აგვისტოსო-გვითხრა…
5-აგვისტოს დეპეშა ვაფრინეთ წნორში…წლების შემდეგ, გზად წნორის გავლა მიწევდა და ჩემს სიძეს ვთხოვე, რკინიგზის სადგურთან მანქანა გაეჩერებინა…
შევირბინე სადგურში, შევაღე კაბინეტის კარები და…თქვენ უნდა გენახათ მამუკას თვალები…
გახარებული, ბედნიერი, ცრემლიანი…მეც არანაკლებ გულჩვილი ვარ და…ჩავეხუტეთ ერთმანეთს…
მიკითხ-მოკითხვის შემდეგ დეპეშა თუ მიიღე-თქო, დავინტერესდი.
,,ე ფარატინა ქაღალდი რად მინდოდა, მე თქვენ გელოდებოდითო”-ისეთი წრფელი, ისეთი კარგი იყო…დიდი, მსუქანი, წითელლოყება…ყველაზე ლამაზი და სიმპათიური.
ბედი არ იყო, თორემ ვიქნებოდი ახლა ნუკრიანში, მეყოლებოდა შვილები, ძროხა, ქათმები, ინდაურები…
ვინ იცის, უფრო ბედნიერიც ვყოფილიყავი.