ე.წ. ღორის გრიპით ზუგდიდში 68 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპით უკვე მესამე ადამიანი დაიღუპა საქართველოში. 68 წლის პატიცენტი ზუგდიდში საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ დაიღუპა.

მომხდარს ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამჟამად ყოველ 100 ათას მოსახლეზე H1 N1-თ 250-მდე ადამიანია დაავადებული. ეპიდემია ქვეყანაში კი ცხადდება მას შემდეგ, რაც დაავადებულთა რიცხვი 500-ს სცილდება. ასეთი მაჩვენებელი იყო საქართველოში 2009 წელს, როდესაც ე.წ. ღორის გრიპის შტამი პირველად გამოჩნდა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამჯერად გავრცელების მასშტაბები ნაკლები იქნება, თუმცა უკვე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კლინიკებში ვირუსის სიმპტომებით მიმართვიანობა გაორმაგდა.

უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ვირუსულ პაციენტებს სამედიცინო სერვისს მიაწვდის.

მათი მომსახურება, როგორც გამოძახების, ისე ადგილზე სამედიცინო კონსულტაციის პრინციპით მოხდება. ამ თემაზე თათბირი ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button