ეგვიპტეში რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა [Photo/video]

ავიაკომპანია “Когалымавиа”-ს ლაინერი Airbus А321 ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე 224 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 217 რუსეთის მოქალაქე იყო.

სააგენტო “РИА Новости” ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით გვაცნობებს, რომ თვითმფრინავის ნაწილები ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში იპოვეს. იგი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ-ელ-შეიხი — სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, მათ რიცხვში 25 ბავშვი იყო.

ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამო, რუსეთში 1 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მომხდართან დაკავშირებით, რუსეთში სისხლის სამართლის საქმე, “ფრენის წესების დარღვევის” მუხლით აღიძრა. კატასტროფის მიზეზების გამოძიება ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამაც დაიწყო. ინტერნეტ-პორტალი Flightradar24.com-ი, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენის მონიტორინგს ახორციელებს, გვაცნობებს რომ კატასტროფიდან 23 წუთით ადრე, ლაინერის სიჩქარე საათში 748-დან 172 კილომეტრამდე დაეცა.

რუსული მედიის ინფორმაციით, Airbus А321-მა პირველი ფრენა 1997 წლის 9 მაისს განახორციელა.

“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ იმის თაობაზე, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს. როგორც სააგენტო “Reuters” გადმოსცემს, სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა მომხდარისთვის პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღეს. რუსული მედია წერს, რომ ტერორისტებმა თვითმფრინავი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს, თუმცა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ეს ინფორმაცია უარყო.

საქართველოს მთავრობის მეთაური სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

– “მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელად ვუსამძიმრებ რუს ხალხს ამ დიდ ტრაგედიას, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს”, – ნათქვამია საქარველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

– “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21871″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button