“ელიტრაუნდზე სკაუტები მოდიან…”
“ელიტრაუნდზე სკაუტები მოდიან…” ჯიმი ტაბიძე ისევ გერმანიაში წასვლას იმედოვნებს.
ცნობილია, რომ შარშან, ოქტომბერში, თბილისში გამართულ 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს დიუსელდორფის “ფორტუნას” სპორტული დირექტორი მარკ ულშოფერიც ესწრებოდა.
მართალია, ეს მინიტურნირი ტრავმის გამო “საბურთალოს” 18 წლის ცენტრალურმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ გამოტოვა, მაგრამ გავიდა დრო და ცნობილი გახდა საქართველოში გერმანელის სტუმრობის მიზეზი – იანვარში “ფორტუნამ” ნიჭიერი ახალგაზრდა გერმანიაში მიიწვია.
“ფორტუნას” მენეჯერმა ჰელმუტ შულტემ ტაბიძე კარგად დაახასიათა – ნიჭიერი ცენტრალური მცველია, დიდი ხანია, ვაკვირდებით და ვნახავთ, როგორ ვითარდებაო. ამ საკითხის მოგვარება ზაფხულისთვის გადაიდო, მანამდე
კი ტაბიძემ “ლივერპულისა” და “რეალის” ასაკობრივ გუნდებში ივარჯიშა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მომავალ ზაფხულს მის კარიერაში სასიამოვნო სიახლეები იქნება.
“ელიტრაუნდის შეხვედრებზე ბევრი აგენტი ჩამოვა და, შესაძლოა, მათ შორის “რეალისა” და “ფორტუნას” სკაუტებიც იყვნენ.
ჩვენი ეროვნული ნაკრები და კლუბები ევროპულ სარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ და ცხადია, საქართველოს კარგად არ იცნობენ, ამიტომ, ბოლომდე ვერ გვენდობიან…
თუმცა, ბოლო წლებში ასაკობრივი ნაკრებების შედეგებიდან გამომდინარე, ევროპაში ჩვენი თაობა მაინც წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას და ფეხბურთელებსაც უკვე სხვა თვალით უყურებენ.
თუ ამ მინიტურნირზე თავს გამოვიჩენ, არ გამოვრიცხავ, უცხოეთში წავიდე. უფრო გერმანიაში მოხვედრას ვიმედოვნებ”, – ამბობს ტაბიძე.
როგორც ცნობილია, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილები უმძიმეს ჯგუფში მოხვდნენ – საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან.
ტაბიძეს წარმატების იმედი მაინც არ გადაუწურავს:
“ორი აზრი არ არის, წილისყრამ ურთულესი მეტოქეები შეგვახვედრა. მაგრამ 19-წლამდელები ისეთი ასაკია, ყველა მეტოქესთან შეიძლება თამაში. ჩვენს გუნდში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და იმედია, წარმატებასაც მივაღწევთ”.