მნიშვნელოვანისიახლეები

“ემპათიას” ექსპერტებს სააკაშვილთან შესვლის უფლებას მისცემენ

"საზღვარგარეთ გადაყვანა არის გამორიცხული"- კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი “ვივამედში” მისმა ადვოკატმა მოინახულა. დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ანალიზის პასუხები გაუარესებულია. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხვალ დამოუკიდებელი ექსპერტები კლინიკაში შევლენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და თქვა, რომ ახლა ყველა ერთად ელოდება დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას მესამე პრეზიდენტთან და მათ დასკვნას.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გარეგნული დათვალიერებით მესამე პრეზიდენტს უკეთესობისკენ ცვლილებები არ აქვს.

“ანალიზებში არსებული მაჩვენებლების შესახებ დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არა თუ გაუმჯობესებაა, პირიქით, გაუარესებაა. ეს განჩინება დღეს უკვე ჩაბარდება პენიტენციურ სამსახურს და წესით ხვალ ან დღეს გვიან ექსპერტებს მიეცემათ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა.“ – ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინება დამოუკიდებელი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, პენიტენციურ სამსახურს დღეს ჩაბარდება. რის შემდეგაც, დიტო საძაგლიშვილის თქმით, დღეს საღამოს, ან ხვალ დილით, “ემპათიას” ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას მისცემენ.
ამასთან “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს. მისი თქმით საქართველოში სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა არის და საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მიზეზი არ არსებობს.

“საზღვარგარეთ გადაყვანა არის გამორიცხული. საქართველოში ყველანაირი პირობა არსებობს, რომ უმკურნალონ. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის. თანასწორობის პრინციპის დაცვით ზუსტად ისეთი მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც სხვების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მისი დანაშაულები გაცილებით მძიმეა ვიდრე 9500 პატიმრის, – აცხადებს კობახიძე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუმჯობესება არ ეტყობა – ირაკლი კობახიძე გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ერთადერთი ადამიანი იღებს – ბიძინა ივანიშვილი,- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი დიტო საძაგლიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს.

როგორც ის აღნიშნავს, სახეზეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ეტყობა გაუმჯობესება, პირიქით, სახეზე გვაქვს გაუარესება. სხვადასხვა მაჩვენებელი სტაბილურად უარესდება. აუცილებლად უნდა შევეხოთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, ის გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ერთადერთი ადამიანი იღებს- ბიძინა ივანიშვილი. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერთს ამბობენ და მეორე დღეს მეორეს აკეთებენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში დემოკრატიულ სახელმწიფოში, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არავინ არაფერს ეკითხება, მოხდება თუ არა პირის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს უნდა იყოს ექსპერტების და სასამართლოს გადასაწყვეტი. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” პირობებში ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე განცხადებებს აკეთებს და წინასწარ აანონსებს, თუ რა შედეგი უნდა დადგეს, მიუხედავად იმისა, რომ ის არის სხვა პირის გადაწყვეტილებების გამხმოვანებელი. ეს პოზიცია ცხადია შეთანხმებულია მასთან (მიხეილ სააკააშვილთან) “,- აღნიშნავს საძაგლიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 25 მაისის პროცესზე პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ბიუროკრატიული მიზეზებით, გადაწყვეტილება არ შესრულებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატებმა შესაბამისი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენეს.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა კი მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირაზე მეტია ის კლინიკაშია, არ უმჯობესდება. პირიქით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურად კარგავს წონას და აქვს მუდმივი სისუსტე

მსგავსი პოსტები

Back to top button