მნიშვნელოვანისიახლეები

ენგურჰესის კაშხალზე, პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

სახელმწიფო შპს “ენგური ატრაქციის“ დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით,ახალი ტურისტული ატრაქციის მოწყობის ბიუჯეტი 100 000 ლარია.

მისივე ცნობით,პირველ ეტაპზე, ტურისტული მარშრუტის მოსაწყობად ბილიკზე, სადაც ვიზიტორებმა უნდა გაიარონ, მოეწყო საინფორმაციო დაფები, ასევე აიყვანეს თანამშრომლები, შეიძინეს ავტობუსი გადაადგილებისთვის, იქვე გაიხსნა სუვენირების მაღაზია.

“ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.

ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ: კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულებენ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პერიმეტრალურ გვირაბსა და კაშხლის ფარების განყოფილებას, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს.

ამ, საკმაოდ უჩვეულო და შთამბეჭდავი მარშრუტის გავლის შედეგად, ვიზიტორები შეიმეცნებენ თაღოვანი კაშხლის მოწყობის განსაკუთრებულ თავისებურებებს და გაეცნობიან ჰიდრორესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოშობის მთავარ ასპექტებს.

ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს და ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 20 ლარია, თუმცა სტუდენტებზე, შშმ პირებსა და 6 წლამდე ასაკის მოზარდებზე შეღავათები ვრცელდება“, – ამბობს იგი და იქვე დასძენს, რომ მარშრუტით დაინტერესება ძალიან დიდია.

აღსანიშნია, რომ ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული მარშრუტით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, გარდა ორშაბათისა. ტური იმართება მხოლოდ 5 ან მეტი ვიზიტორის შემთხვევაში.

რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, რომლიც განხორციელებაც წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება, ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, იგეგმება ვირტუალური სივრცის დარბაზის მოწყობა, სადაც მსურველებს შეეძლებათ, მოინახულონ ენგურჰესის ის მონაკვეთები, სადაც მისვლა ნებადართული არ არის.

რადიო თბილისის კორესპონდენტი თეა შონიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button