მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენგურზე ტრაგიკულად დაღუპულთა პატივსაცემად 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთის 4 მცხოვრების მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპვის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.

განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

7 აპრილს, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ “მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button