,,საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით თავისი ხალხით,,-ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია

პარტია “გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 15 დეკემბერს საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დეპუტატებმა ერთმანეთთან მუშაობისა და დამოკიდებულების ფორმატი უნდა შეცვალონ.
“15 დეკემბერს, თუ საბოლოოდ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ვფიქრობ, ახალი ტიპის ცხოვრების დაწყება მოგვიწევს. ჩემი წარმოდგენით, ნაცვლად იმის, რომ გაყოფილები ვიყოთ, როგორც ახლა ვართ გაყოფილები, და ევროკავშირსა და ევროპას ვიყენებთ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, მოგვიწევს, რომ მტერი და მოწინააღმდეგე დავინახოთ სხვაგან”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველო. ეს გადაწყვეტილება მიიღება 14-15 დეკემბერს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება დამსახურებული აღიარება იმ წარმატებისა, რომელიც აქვს საქართველოს ბოლო წლებში, რომელიც აქვს საქართველოს ისტორიულ ფესვებზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შედეგად საქართველო დამსახურებულად მოიპოვებს შემდგომ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის დამსახურებულ წევრობამდე. ეს მნიშვნელოვანია აღინიშნოს დღევანდელ დღეს და ალბათ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არაფერია, ვინაიდან სწორედ ეს არის საშუალება და ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს მიიყვანს ნებისმიერ წარმატებამდე და, მათ შორის, რა თქმა უნდა დეოკუპაციამდე“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საქართველოს ნამდვილად ჰყავს პროევროპული მოსახლეობა, რომლის წარმატებაც იქნება 15 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება.
„საქართველოს ეს პროევროპული მოსახლეობა ირჩევს სწორედ პროევროპულ ხელისუფლებას ბოლო 8 არჩევნებია უცვლელად, იმიტომ, რომ მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, თუ ვის შეუძლია და ვის მიჰყავს ქვეყანა მკვიდრი ნაბიჯებით იმ წარმატებისკენ, რასაც ჰქვია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ამას ხედავს მოსახლეობა და აკეთებს სწორ არჩევანს. დიახ, ეს – რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჩვენი ქვეყნისთვის, იქნება ქართველი ხალხის, მისი არჩევანის, ამ ხელისუფლების წარმატება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ გაითვალისწინოს, რომ გასულ წელს დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რეფორმების პროცესს გაემიჯნა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ მომდევნო წელიც, 15 დეკემბრის შემდეგ, აუცილებლად იქნება ლაკმუსის ქაღალდი ოპოზიციისთვის – ან დაუშვებს ოპოზიცია იგივე შეცდომას, გაემიჯნება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატებაში წვლილის შეტანის პროცესს ან რეალურად შეძლებს გადალახოს, აღიაროს გასულ წელს დაშვებული შეცდომა და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის წარმატებაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
მდინარაძის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
„ბუნებრივია, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით, თავისი ხალხით, თავისი პროევროპულობით, ევროპული განწყობებით, კონსტიტუციაში მკაფიოდ განსაზღვრული კურსით და გატარებული რეფორმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ არაფერს გვაჩუქებდა, პირიქით. გვაჩუქებდნენ კი არა, როცა ამის უპირობო აუცილებლობა იყო და არ უნდა ყოფილიყო სხვა გამოსავალი, ვიდრე სტატუსის მოცემა, მაშინ საქართველოს სტატუსი უსამართლოდ არ მისცეს. წელს პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ შემხვედრი დინამიკაც პოზიტიურია. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამიტომაც ამ სტატუსს მივიღებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ერთი დიდი მოლოდინი გვაქვს და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ამ კვირის ბოლოს. ჩვენ ამაყად, ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვით შევძლებთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბევრი სამუშაოა გაწეული.
„ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სექტორულ რეფორმებს ითვალისწინებს და მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისკენაა მიმართული; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს, თავისუფლად გადაადგილებულიყო ევროპის ქვეყნებში, თავისუფლად ესწავლა, თავისუფლად ეწარმოებინა ბიზნესი და თავისუფალი მიმოსვლა ჰქონოდა; ეს ასევე არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოს ბიზნესისთვის, თავისუფლად ივაჭრონ ევროპის მნიშვნელოვან ბაზარზე. ეს მიღწევები მარტივი არ ყოფილა. ამას დასჭირდა წლები და ეს წლები ხასიათდებოდა, როგორც საქართველოს ლიდერობის წლები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობაში საქართველო უპირობო ლიდერი იყო და ამას ყველა აღიარებდა, თუმცა ეს საკითხი არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხრიდან დადებითი შეფასების საგანი არასდროს ყოფილა.
„ყველას დადებითი, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით დამსახურებულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამას დიდი შიშით ელოდება ოპოზიცია, რადგან მათ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის და მოინდომეს, გაემიჯნათ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისგან. ახლა, როდესაც ყველა ოფიციალური პირმა, რომელიც ევროკავშირიდან გამოეხმაურა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კვირის ბოლოს უნდა იქნეს მიღებული, დააფიქსირა, რომ უზარმაზარია პროგრესი და იმ გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვიღებთ მარტო, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე, ამ პირობებში, ისინი უკვე ცდილობენ, რაღაცნაირად გახდნენ ამ პროცესის თანამონაწილეები. გახდნენ თანამონაწილე იმ დიდი გამარჯვებისა და შედეგისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“. დიახ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ შედეგს მიაღწია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დიახ, ჩვენ ამაყად, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ღირებულებების დაცვით შევძლებთ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას აქვს გაცემული რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
„ყველამ ვიცით, რა ვითარებაც არის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიას აქვს გაცემული რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, მათთან დაკავშირებით არის რეკომენდაცია, რომ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები. უნგრეთს აქვს განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და ამის შესახებ, ბუნებრივია, გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის. ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, რაშიც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ჩავერევით. უნგრეთს აქვს თავისი ინტერესი, პოზიციები და ამის გარშემო წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფერხოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გახსოვთ, შარშან უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, არავის უცდია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, ეს ყველაფერი დაეკავშირებინა საქართველოს თემასთან, როცა გაიმიჯნა საქართველო. რა თქმა უნდა, წელსაც საქართველოს საკითხი არის საქართველოს საკითხი, უკრაინის საკითხი არის უკრაინის საკითხი და მოლდოვის საკითხი არის მოლდოვის საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას უკვე აქვს გაცემული რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი არის დაკავშირებული მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მგონია, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.
აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ამ ხელისუფლებამ ყველანაირი ძალისხმევა მიმართა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს იყო, მაგალითად, რუსული კანონმდებლობის მიღება, პრეზიდენტის იმპიჩმენტი და სხვა. ამიტომ, ჩვენ თუ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს დამსახურება არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, რომლის 75%-ზე მეტი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას ასევე ახდენს გეოპოლიტიკური რეალობა.
„ძალიან საშიში რეალობიდან, საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს რეგიონში, ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველო ნამდვილად მარტო არ დაეტოვებინა რუსეთთან, საქართველო, რომლის მოქალაქეებს კლავენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა არის ოკუპირებული და ეთნიკურად ქართველები არიან საოკუპაციო რეჟიმის სამიზნე“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის და ტესტი, გაიხსნება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი.