რეგიონი

ენმ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს კორუფციაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს კორუფციაში ადანაშაულებს.
პარტიის წარმომადგენლები საგარეჯოს ცენტრში მიწის ნაკვეთის კერძო პირისათვის გადაცემას აპროტესტებენ და ყოფილი მერის ფინანსურ ინტერესებზე საუბრობენ.

პროტესტის გამოსახატად, საგარეჯოში გიორგი ბოტკოველი და ლევან ხაბეიშვილი ჩავიდნენ.
პარლამენტის წევრის, გიორგი ბოტკველის განმარტებით, ტერიტორია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნოდა და პარტიამ ის ეკლესიის მშენებლობისათვის დათმო.

” ეს ტერიტორია ეკუთვნოდა პარტიას, მოსახლეობის ინტერესის გათვალ ისწინებითა და თხოვნით, დავთმეთ ეკლესიის მშენებლობისათვის. 2016 წელს საგარეჯოს ყოფილმა მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა საკრებულოს მიმართა, ამ ადგილის გაყიდვის თხოვნით, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ, მან პირადად მიიღო გადაწყვეტილება და მასთან დაახლოებული პირს გადასცა სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის. ეს არის პირდაპირი კორუფცია და ვითხოვთ ამაზე პასუხს”- განაცხადა ბოტკოველმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

” არ მესმის, რას ემსახურება ასეთი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. არავითარი კავშირი არ მაქვს ამ ტერიტორიასთან, ეს არის ტყუილი. როგორც ვიცი, ეს ადგილი არის მუნიციპალური საკუთრება და იჯარით არის გაცემული, კანონიერი პროცედურების სრული დაცვით”- განაცხადა ერბოწონაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ტერიტორიის იჯარით გაცემის კანონიერებაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნას აპირებენ და მერიის იურიდიულ სამსახურში იმყოფებიან.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button