ექიმს პაციენტის სექსუალური შევიწროება ბრალდება

ექიმსა და ახალგაზრდა ქალს შორის სექსუალური შევიწროების ფაქტზე საუბრობენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში „საფარი“. აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია აცხადებს, რომ შემთხვევა ერთ-ერთი რეგიონის საკარანტინო სივრცეში მოხდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადგილზე თბილისიდან იყო ჩასული. ექიმს კი, სექსუალურ შევიწროებაში ბრალს ახალგაზრდა ქალი სდებს. “საფარის” ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადეს მსგავს ქმედებაში კიდევ რამდენიმე პირი ამხელს.
“COVID-19-ის შემოწმება ასე არ ხდება, არ სჭირდება ფილტვების მოსმენას წელს ზემოთ სრული გაშიშვლება, არ სჭირდება ამას სახსრების შემოწმება, მით უმეტეს, ლოგინზე დაწოლით და გაშიშვლებით. მთელი ეს პროცედურა, რასაც დაზარალებული აღწერს, სრულიად სცილდება სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს და არის ჩვეულებრივი შევიწროვების ფაქტი. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. ექიმმა არ უარყო ამ სამედიცინო შემოწმების ჩატარება, სცადა, მოტივის უარყოფა”- აცხადებს “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი.
საკარანტინე სივრცეში შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. „სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას” – იუწყება სამინისტრო.