ერევნის ცენტრალურ მოედანზე, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციის მიტინგზე.
ჯემნიუსის ინფორმაციით, ისინი მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომელსაც ხელი 10 ნოემბერს, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მოაწერეს.
„ჯარისკაცების ზურგს უკან, რომლებიც ფრონტზე, საკუთარი სისხლის ფასად იცავდნენ მიწასა და სახელმწიფოებრიობას და ყველა ჩვენგანის ზურგს უკან, ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გამოვრიცხოთ შიდა არეულობები და პროვოკაციები“, – ნათქვამია დღეს, 17 ოპოზიციური პარტიის საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.
პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში, რომელიც ჯერ ისევ მოქმედებს სომხეთში, მიტინგების ორგანიზება აკრძალულია.
„საომარი მდგომარეობის დროს, გაფიცვებსა და მიტინგებში მონაწილეობა ითვალისწინებს ჯარიმას ოთხასიდან შვიდასამდე მინიმალური ხელფასის ოდენობით (400-700 ათასი დრამი ანუ დაახლოებით, 800-1500 დოლარი)“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროტესტის მონაწილეებმა ერევანში სოროსის ფონდის ოფისი დაარბიეს.
ვიდეოზე ჩანს, დარბევის მონაწილეები, როგორ ამტვრევენ „ღია საზოგადოების ინსტიტუტი – დახმარების ფონდის“ ოფისის კარს (სოროსის ფონდი) და მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ „ყველაფერი დაამტვრიონ“. გუშინ ღამით, ფაშინიანის მთავრობის „მარცხის პოლიტიკის“ მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ ერევანში, რადიო „თავისუფლების“ რედაქციას.
„ყარაბაღის შესახებ ხელშეკრულებას ხელი არმიის რეკომენდაციით მოეწერა“ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სამხედროებმა შესთავაზეს შეჩერება, რადგან „არის კითხვები, მათი გადაჭრის პერსპექტივები კი არ არსებობს“.
Facebook-ზე, პირდაპირ ეთერში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მათ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, არ ჰყავდათ შემცვლელი და არ ჰქონდათ ერთი თვის განმავლობაში დასვენების შესაძლებლობა. შედეგად, სომხეთისა და ყარაბაღის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საჭიროა, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ომი, სხვანაირად შედეგები იქნება გაცილებით მძიმე.
„მე მივიღე მძიმე, ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის და მთლიანად სომეხი ხალხისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა. მან განმარტა, რომ ზავი არ გაფორმდა საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში, რადგან „მთიანი ყარაბაღის გარშემო შვიდი რაიონის გადაცემას ითვალისწინებდა“:
„ჩვენ კი ასეთ ნაბიჯზე წასვლა არ შეგვეძლო, რადგან გვჯეროდა, რომ შეგვეძლო ისე გაგვეკეთებინა, ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული ჩვენ კი არ ვყოფილიყავით, არამედ გვეიძულებინა მოწინააღმდეგე მასზე დაგვთანხმებოდა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“.
ალიევის მიმართვა მოსახლეობას
ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე, მიუხედავად გვიანი დროისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსახლეობისადმი მიმართვით გამოვიდა.
„ამ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. უნდა გითხრათ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა ვიდეოკონფერენციის ფორმატში. პირველ ეტაპზე, სამი ქვეყნის მეთაურს უნდა მოეწერა განცხადებისთვის ხელი ვიდეოკონფერენციის ფორმატში. თუმცა, ბოლო მომენტში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამის გაკეთებაზე უარი თქვა. გარკვეულწილად ეს გასაგებია, რადგან ასეთი განცხადება, ფაქტობრივად სომხეთის სამხედრო კაპიტულაციას ნიშნავს“, – განაცხადა ალიევმა.
„ასეთი განცხადება საშუალებას გვაძლევს, ოკუპაციისგან სისხლის გარეშე გათავისუფლდეს ჩვენი სხვა რაიონები – აღდამის, ლაჩინის, ქალბაჯარის. დადგინდა მოკლე პერიოდი, ეს რაიონები თვის ბოლომდე დაგვიბრუნდება“, – დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
„თქვენ, ალბათ, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ამ განცხადებაში არ არის არც ერთი სიტყვა მთიანი ყარაბაღის სტატუსზე! სად არის სომხური მხარის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებლად უნდა იყოს წარმოდგენილი? როდესაც მათ ავტონომია შევთავაზე, არ დამთანხმდნენ, თქვეს, რომ არა, – ეს „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. ისინი უკვე ბევრი წევრია ცხოვრობენ, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ და უნდა მიიღონ აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა… ეს სტატუსი ჯანდაბაში წავიდა, ჩავარდა, გაიფანტა, არ არსებობს და არც იქნება. სანამ პრეზიდენტი ვარ, არ იქნება“, – ხაზი გაუსვა ილჰამ ალიევმა.
„ბრძოლა სტეპანარკეტის მისადგომებთან მიმდინარეობდა“ – მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი
არაიკ არუთუნიანმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ომის 43 დღის განმავლობაში, სომხურმა მხარემ დაკარგა ფუზულის, ჯებრაილის, გუბადლის, ზანგილანისა და ჰადრუთის რაიონის ძირითადი ნაწილი, მარტუნისა და ასკერანის რაიონების ნაწილი და რაც ყველაზე მთავარია, ქალაქი შუშა. პრეზიდენტის განცხადებით, ბრძოლა სტეპანაკერტის მისადგომებთან, ქალაქიდან 2-3 კილომეტრში მიმდინარეობდა:
„უპილოტო თვითმფრინავებმა დიდი დანაკარგები მიაყენა ყარაბაღის თავდაცვის არმიას. საქმე იმაშია, რატომ არ შექმნა სომხურმა არმიამ ანალოგიური შეიარაღება“.
ამაზე პასუხს აგებს ყველა, ვინც თანამდებობებს იკავებდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, აღნიშნა არუთუნიანმა.
რუსი სამშვიდობოების ავტოკოლონა უკვე დაიძრა სომხეთის ქალაქ გორისიდან ყარაბაღის მიმართულებით რუსულმა ტელეარხმა Russia Today-მ გამოაქვეყნა იმის ამსახველი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაიძრა სომხეთის ქალაქ გორისიდან ყარაბაღის მიმართულებით რუსი სამშვიდობოების ავტოკოლონა.
კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების შეყვანა – ღამით, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა. ასევე, პირობებს შორის არის – აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის მიმდებარე რაიონების დაბრუნება და აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნება.