მსოფლიოსიახლეები

ერევანში აქციის ფონზე რუსი სამშვიდობოების კოლონა დაიძრა სომხეთის ქალაქ გორისიდან

ერევნის ცენტრალურ მოედანზე, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციის მიტინგზე.

ჯემნიუსის ინფორმაციით, ისინი მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომელსაც ხელი 10 ნოემბერს, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მოაწერეს.

„ჯარისკაცების ზურგს უკან, რომლებიც ფრონტზე, საკუთარი სისხლის ფასად იცავდნენ მიწასა და სახელმწიფოებრიობას და ყველა ჩვენგანის ზურგს უკან, ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გამოვრიცხოთ შიდა არეულობები და პროვოკაციები“, – ნათქვამია დღეს, 17 ოპოზიციური პარტიის საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.

პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში, რომელიც ჯერ ისევ მოქმედებს სომხეთში, მიტინგების ორგანიზება აკრძალულია.

„საომარი მდგომარეობის დროს, გაფიცვებსა და მიტინგებში მონაწილეობა ითვალისწინებს ჯარიმას ოთხასიდან შვიდასამდე მინიმალური ხელფასის ოდენობით (400-700 ათასი დრამი ანუ დაახლოებით, 800-1500 დოლარი)“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროტესტის მონაწილეებმა ერევანში სოროსის ფონდის ოფისი დაარბიეს.

ვიდეოზე ჩანს, დარბევის მონაწილეები, როგორ ამტვრევენ „ღია საზოგადოების ინსტიტუტი – დახმარების ფონდის“ ოფისის კარს (სოროსის ფონდი) და მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ „ყველაფერი დაამტვრიონ“. გუშინ ღამით, ფაშინიანის მთავრობის „მარცხის პოლიტიკის“ მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ ერევანში, რადიო „თავისუფლების“ რედაქციას.

„ყარაბაღის შესახებ ხელშეკრულებას ხელი არმიის რეკომენდაციით მოეწერა“ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

რუსი სამშვიდობოების ავტოკოლონა უკვე დაიძრა სომხეთის ქალაქ გორისიდან ყარაბაღის მიმართულებით რუსულმა ტელეარხმა Russia Today-მ გამოაქვეყნა იმის ამსახველი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაიძრა სომხეთის ქალაქ გორისიდან ყარაბაღის მიმართულებით რუსი სამშვიდობოების ავტოკოლონა.

კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების შეყვანა – ღამით, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა. ასევე, პირობებს შორის არის – აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის მიმდებარე რაიონების დაბრუნება და აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button