მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ერთი მოსწავლისთვის დანთებული ღუმელი დედოფლისწყაროს სკოლაში

ბარბარე ადიკაშვილი

ბარბარე ადიკაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში სწავლობს. გოგონა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, დისტანციურ რეჟიმში გადასულ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ყოველდღე, სკოლაში დადის.

სკოლის შენობაში, მას კომპიუტერების სპეციალურ ოთახში, ონლაინ სწავლებისათვის საჭირო პირობები და ანთებული ღუმელი ხვდება.

შეშის ღუმელს მოსწავლისათვის, ყოველდღიურად, სკოლის დირექტორი, დავით სეთური ანთებს.
გოგონას დედა, თამარ ხუმარაშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ დისტანციურ სწავლებას, მისი ქალიშვილი, მხოლოდ დირექტორის წყალობით არ გამოეთიშა.

“ძალიან გვიჭირს, მე და ჩემი მეუღლე ჯანმრთელად არ ვართ, ორი შვილი მყავს, საჭმელსაც კი ეკონომიურად ვანაწილებთ. დირექტორმა გაიგო, რომ კომპიუტერი არ გვქონდა და მოგვიტანა, მაგრამ არც ინტერნეტის შემოყვანის შესაძლებლობა გვაქვს. რაკი ასეთი ვითარებაა, სწავლისათვის სკოლაში ოთახი გამოუყო და დილით ადრე, სანამ ბარაბარე მივა, ღუმელს უნთებს. თუ თვითონ არ სცალია, დამლაგებელს აგზავნის. გუშინ ტექნიკური პრობლემა იყო და აიტის მასწავლებელი მოუყვანა, გასასწორებლად. ამ მიდგომამ, ჩემს შვილზე ისეთი გავლენა მოახდინა, სწავლას მოუმატა”- ამბობს გოგონას დედა.

დავით სეთურმა, რომელიც 14 წელია, ზემო ქედის პირველი საჯარო სკოლის დირექტორია, საკუთარ თავზე ბევრი საუბარი არ ისურვა.სკოლის დირექტორი თვლის, რომ ეს მისი მოვალეობაა.

დავით სეთური, სკოლის დირექტორი

“ყველა ბავშვთან მაქვს კონტაქტი, სკოლიდან ლეპტოპები გავიტანე და სახლებში დავარიგე. აბა , რისთვის გვინდა, თუ ბავშვები არ გამოიყენებენ. არიან ოჯახები, რომლებსაც ტელეფონიც კი არ აქვთ, რომ მოსწავლე გაკვეთილს შეუერთდეს. ამ გოგონას სკოლიდან ლეპტოპი წავუღე. ვნახე, რომ ინტერნეტიც არ აქვთ და არც შესაძლებლობა, რომ სახლში შეიყვანონ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სკოლაში, კომპიუტერების ოთახში იმეცადინოს. ღუმელსაც ვუნთებთ ყოველდღე და თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიდის მეცადინეობის პროცესი. ეს ჩვეულებრივი ამბავი და პედაგოგის მოვალეობაა”- განმარტავს დირექტორი.

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ეთერ ზურიკაშვილი ამბობს, რომ ონლაინ- რეჟიმში სასწავლო პროცესის გადატანა, პედაგოგებისთვის სრულიად ახალი გამოწვევაა.

“ეს პროცესი სრულიად ახალი იყო პედაგოგებისათვის, მაგრამ ხომ ხედავთ, რთულ ვითარებაშიც მოინახა გამოსავალი. დავითი არა მარტო ამ გოგონასთან, ყოველდღიურად, ყველა მოსწავლესთან კონტაქტშია. საკუთარი მანქანით აკითხავს ოჯახებში და სატვირთიც რომ გაუფუჭდეს ვინმეს, იმასაც კი აგვარებს. დიდი იმედი მაქვს, შემდეგ სემესტრს, საკლასო ოთახებში შევხვდებით”- თქვა ზურიკაშვილმა.

სოფელ ზემო ქედის პირველ.საჯარო სკოლაში 144 მოსწავლე ირიცხება და დისტანციური სწავლების პროცესში, ყველა მათგანი ჩართულია.

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button