მნიშვნელოვანისიახლეები

„ენმ“-ში თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.

ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი – პარტიის თავმჯდომარეობა ოთხ კანდიდატს სურს, ვის ენდობა ამომრჩეველი, ეს 48 საათში გაირკვევა.

რაც შეეხება თავად ხმის მიცემას, პროცედურა 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი აცხადებს, რომ პროცედურის 40 წუთის დაგვიანებით დაწყება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

“ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო 40 წუთის დაგვიანებით, იყო ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს და განახლებას. რაც შეეხება გაფილტვრის პროცესს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ განხორციელდა სრულყოფილად, რადგან 50 ათასი რეგისტრირებულიდან, ჯამში გაიცხრილა 124 ადამიანი,” – აცხადებს დიმიტრი ჩიქოვანი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი პატარაია აცხადებს, რომ 50 000 რეგისტრირებულიდან 124 ადამიანი გაიფილტრა.

“მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ მათი ნება, რომელიც გამოიხატება არჩევნების სახით, იქნება დაცული, ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს ნახოს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირა კონკრეტულმა ამომრჩეველმა მხარი. არანაციონალური მოძრაობის რამდენიმე პოლიტიკოსი იყო დარეგისტრირებული. ვერ გავასაჯაროებ იმ პოლიტიკოსების ვინაობას, რომლებიც დარეგისტრირდნენ, მაგრამ კომისიის მიერ ერთობლივად იქნა ამოღებული ეს ადამიანები სიიდან,” – აცხადებს გიორგი პატარაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარე პროცესზე ილაპარაკა. მისი თქმით, 28 იანვრის შუადღისთვის ხმა 9363-მა ადამიანმა მისცა. კობა ნაყოფიას ცნობით, არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი – ანუ პირველადი სიიდან ამოიღეს პარტიის 118 ამომრჩეველი. „გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა და არ გამოვრიცხავ, ერთეული შემთხვევები შესაძლოა, გაიპაროს. ყველა ადამიანი არის იდენტიფიცირებული. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ზოგიერთი პარლამენტის წევრიც“, – განაცხადა მან.

კობა ნაყოფიას თქმით, არჩევნები გამჭვირვალედ, ორგანიზებულად ტარდება და პარტიის ამომრჩევლის ფარულობა სრულად არის უზრუნველყოფილი. „არჩევნების დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, კითხვები არ იქნება, მით უმეტეს, თითოეულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა ჩაატაროს აუდიტი და დარწმუნდება, რომ რაღაც ჩარევას და მანიპულაციას ადგილი არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, ამიტომ მოვუწოდებ, აღიარონ არჩევნების შედეგები და მიესალმონ გამარჯვებულ კანდიდატს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გიორგი მუმლაძის საარჩევნო შტაბი წარმომადგენელი, ალექსანდრე მილორავა ამბობს, რომ არჩევნებზე რეგისტრირებული 50 ათასი ადამიანიდან, მხოლოდ 124 გაიფილტრა. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ “ფილტრაცია, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა”.

“ძალიან მცირე რაოდენობა არის გაფილტრული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, რადგან დაგვიანდა ბაზების გადმოცემა, ეს ერთი და არ გვქონდა იმ ტიპის ბაზები, რომლებიც იყო პოლიტსაბჭოს წესის მიერ განსაზღვრული. 50 000 რეგისტრირებულიდან ჯამში გაიცხრილა 124, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ფილტრაცია არ ჩატარებულა”, – თქვა მილორავამ.

ენმ-ის წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ენმ-ის არჩევნებზე პოლიტიკოსებიც დარეგისტრირდნენ. ის არ ასახელებს მათ ვინაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები სიიდან გაიფილტრნენ.

“მე არ მაქვს უფლება, საჯაროდ ვთქვა, ვინ გავფილტრეთ, თუმცა პირდაპირ ვაცხადებ, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დარეგისტრირდნენ, სხვა სუბიექტებს ვგულისხმობ, ნაციონალური მოძრაობის შიდა არჩევნებზე, არ ვიცი, რას ემსახურებოდა მათი მიზანი. მაგრამ მინდა, საჯაროდ ვუთხრა, რომ ის კლოუნადა, რომლის მოწყობაც უნდოდათ, ჩვენ ეს ჩავუშალეთ და ყველა ის ადამიანი, რომელიც არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის დარეგისტრირდა ენმ-ის შიდა არჩევნებში, ყველა არის გაფილტრული”, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დღეს 10:00 საათზე თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო.

ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია 26 იანვარს 10:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდება – ხმის მიცემა 30 იანვრის 10:00 საათამდე გაგრძელდება.

პარტიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა “ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს”.

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button