მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნა ჰორას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, კლიშივკას, დრუჟბას, ვოდიანეს, მარინკას, პობედას, ვუჰლედარისა და პრეჩისტოვკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, განხორციელდა 10 სარაკეტო და 26 საავიაციო დარტყმა, მათ შორის ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რუსულმა ძალებმა 81-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ოჩაკოვეში. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

საოკუპაციო ძალები შეტევით ღონისძიებებს ახორციელებენ ბახმუტის, ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე, ხოლო თავდაცვით პოზიციას ინარჩუნებენ ლიმანის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მხარეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით კი ბახმუტთან, ვითარება მწვავეა.

„ვითარება ფრონტზე და განსაკუთრებით დონბასში, ბახმუტთან და უგლედართან ძალიან მწვავეა. ოკუპანტები მხოლოდ ჩვენს პოზიციებს კი არ ესხმიან – ისინი მიზანმიმართულად და მეთოდურად ანადგურებენ მათ გარშემო არსებულ ქალაქებსა და სოფლებს არტილერიით, თვითმფრინავებითა და რაკეტებით. რუსეთის არმიას არ აქვს განადგურების საშუალებების დეფიციტი. ამის შეჩერების ერთადერთი გზა ძალისმიერია. ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც დონბასის მიმართულებებზე თავდაცვას ინარჩუნებენ, ნამდვილი გმირები არიან. თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდი სიმამაცისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button