მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ეს არის გაუპატიურება იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით“-გაერო-მ ოკუპანტების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 358 ბავშვია დაღუპული

ომის დაწყების დღიდან გაერო-მ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრამილა პატენმა განაცხადა.

„24 თებერვლის შემდეგ გაერო-მ ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ეს არის გაუპატიურება იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით“,- განაცხადა პატენმა.

მისივე განმარტებით, სექსუალური ძალადობა არის დანაშაული, რომლის შესახებაც „ქრონიკულად არასაკმარისი ინფორმაციაა”.

„ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის წვერს“,- განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მისი შეფასებით, ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმაა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად ჩადენილია ქალებისა და გოგოების მიმართ, მაგრამ ასევე მამაკაცებისა და ბიჭების წინააღმდეგ.

„ეს ტოვებს საშინელ ნაკვალევს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე და მთლიან საზოგადოებაზე, ეს ანგრევს ოჯახებს, შედეგები კი იგრძნობა რამდენიმე თაობის განმავლობაში“,- განაცხადა პატენმა.

გარდა ამისა ომის განმავლობაში კიდევ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 358 ბავშვია დაღუპული, 684-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

“რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 042-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. 24 ივლისის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა დაშავებულთა რიცხვი 684-მდე გაიზარდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა

➡დონეცკის რეგიონში – 361

➡ხარკოვის ოლქში – 194

➡კიევის ოლქში – 116

➡ჩერნიგოვის ოლქში – 68

➡ლუგანსკის ოლქში – 61

➡ნიკოლაევის ოლქში – 54

➡ხერსონის ოლქში – 54

➡ზაპოროჟიეს ოლქში – 40.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button