ესებუას საქმე-სხდომა 4 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დამატებით ბრალზე წინასასამართლო სხდომა გამართა.
მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდენილი ყველა მტკიცებულება და ჩანიშნა საქმის არსებითი განხილვის თარიღი. სხდომა 4 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.
ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს.
“დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი” – თქვა ესებუამ [ინტერპრესსნიუსი].
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.
“საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.