ესპანელმა მოსწავლემ თანაკლასლებს 10 ათასი ევრო დაურიგა [Video]
ბარსელონის პროვინცია კალდეს დე მონტბუიში მცხოვრებმა 10 წლის ბიჭმა სახლში 10 ათასი ევრო იპოვა, სკოლაში წაიღო და თანაკლასელებს დაურიგა, – გვაცნობებს The Local.
ინციდენტი Escola Montbui-ის დაწყებით სკოლაში მოხდა. მასწავლებელმა შენიშნა, რომ ბავშვები 100-ევროიან კუპიურებს აფრიალებდნენ და მათ მშობლებს შეატყობინა. საბედნიეროდ, შემთხვევა პოლიციის ჩარევის გარეშე დასრულდა და თანხა პატრონს დაუბრუნეს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიჭის ბაბუა აღნიშნულ თანხას მეუღლისთვის აგროვებდა, რომელსაც აუცილებელი სამედიცინო დანადგარი სჭირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს მსგავსი შემთხვევა ისრაელშიც მოხდა. მაშინ პირველკლასელმა ბიჭმა ბიზნესმენ მამას 40 ათასი შეკელი მოპარა. ბავშვმა თანხის ნაწილით მინის ბურთები იყიდა, ხოლო დანარჩენი ფული კლასელებს აჩუქა.