ფილარმონიასთან, მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ოპოზიციური პარტიები მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს მათე დევიძეს

ფილარმონიასთან, მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს.
როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, “ისინი მივიდნენ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო”. მათე დევიძე, 19 ნოემბერს, სწორედ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი”, “ძირს უსამართლო სასამართლო”.
ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ლელო- ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს მათე დევიძეს, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც „ლელო-ძლიერ საქართველოში“ აცხადებენ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველა ფლანგზე.
„დღეს საქალაქო სასამართლოში რეჟიმის მსახურებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ივანიშვილს მონური მორჩილება და 21 წლის მათე დევიძეს თითქმის 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მათეს, რომელიც პოლიციელთა ძალადობისგან იცავდა თავს, დღეს რეჟიმმა მომავალი წაართვა. ასე იქცევა ავტოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოებასთან ყველანაირი ხიდი ჩატეხილი აქვს და სიცოცხლის უნარი ეწურება. ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ბანდფორმირების კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა, რომელსაც აუცილებლად უმძიმესად მოიმკის.
„ლელო- ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს მათე დევიძეს, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველა ფლანგზე! ივანიშვილის ხელისუფლება რაც შეიძლება მალე დამარცხდეს, რომ ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იყოს!“,- აცხადებენ „ლელოში“.
გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მათე დევიძის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
2024 წლის ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
განცხადება სრულად:
“დღეს, 21 წლის მათე დევიძეს მურუსიძის სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ დროს კი, არც ერთი ნიღბიანი მოძალადე, რომელიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ, არ დასჯილა; ქვეყანას უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო ახალგაზრდები ტოვებენ.
დღეს „ოცნების“ დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ.
უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე აუცილებლად დაისჯება. ვერავინ შეძლებს ამ მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!
თავისუფლება მათე დევიძეს! სოლიდარობა და გამძლეობა მის ოჯახს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.