ეთიოპიაში მოშიმშილეთა რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა
შიდა კონფლიქტებმა, გავარვარებულმა ქარებმა და დამანგრეველმა წვიმებმა აღმოსავლეთ აფრიკის რაიონებში, განსაკუთრებით კი ეთიოპიაში, მოშიმშილეთა რიცხვის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ეთიოპიაში 8,2 მილიონი ადამიანი სასურსათო დახმარებას საჭიროებს, – გადმოსცემს AlJazeera.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველოში განაცხადეს, რომ არასტაბილური ამინდი 2016 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება, სასურსათო უსაფრთხოება კი უახლოეს თვეებში უფრო მკვეთრად გაუარესდება.
გაეროს ინფორმაციით, ეთიოპიაში 8,2 მილიონი ადამიანი საკვებისა და სასმელი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის. გაისად, მოშიმშილეთა რიცხვმა შეიძლება 15 მილიონს მიაღწიოს, თუ მათ საერთაშორისო თანამეგობრობა სასწრაფო დახმარებას არ აღმოუჩენს.
ოქტომბრის დასაწყისში, საერთაშორისო დონორებმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის შემოწირულობა უკვე გაიღეს, მაგრამ გაეროში აცხადებენ, რომ უახლოეს თვეებში, ამ ციფრის 5-ჯერ გაზრდაა საჭირო, რათა ეთიოპია შიმშილს გადაურჩეს.