EU 16 დეკემბერს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს
საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება ევროკავშირის რეაგირება საქართველოსთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, ასევე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.
„საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ბოლო დროს. საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს. ვფიქრობ, მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ შეხვედრის შემდეგ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ეს არის ის, რასაც ბევრი თვეა ვამბობთ და ეს ვარიანტები ასევე მოიცავს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო“, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე არ დადგეს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დასანანია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობა ნებაყოფლობითია და ქვეყნის ინტერესებზეა დამოკიდებული.
“ვფიქრობ, ყველა ჩვენგანმა აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში გაიღვიძა. კობახიძის განცხადება ცნობად მივიღეთ, რომ საქართველო არაა დაინტერესებული მიყვეს ევროინტეგრაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს ძალიან დასანანია, ჩემი პერსონალური აზრით. ეს ძალიან გულსატკენია. ჩვენ გავუღეთ ქვეყანას კარი და მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. გვსურს საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და დაწინაურდეს მოლაპარაკებების პროცესში. წევრობა ნებაყოფლობითია – ქვეყნის ინტერესზეა დამოკიდებული.
ჩვენი მხრიდან, მზად ვართ და ვართ ღია, მივეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიც, გვსურს საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და დაწინაურდეს მოლაპარაკებების პროცესში. ტრიოს სხვა ქვეყნები – უკრაინა და მოლდოვა უკვე მოლაპარაკებებში არიან ჩართული, გუშინ კი გავიგეთ, რომ საქართველომ 4 წლით გააჩერა მისი ინტერესი, ევროინტეგრაციისას – ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ეს მიდის ქართველი ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მან უნდა გადაწყვიტოს, უნდა წავიდეს ევროკავშირში თუ სადმე სხვაგან,“ – აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაშია ნათქვამი.
ის მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია.
„ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა.
გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად.
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია.
მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს”,-აღნიშნავს აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანი.