მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანის შეთანხმებას გმობს

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა, დაგმო რუსეთსა და ბელარუსს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც მინსკისათვის არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს.

“ეს არის ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს შემდგომ სახიფათო ესკალაციას”, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ჟოზეპ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმში იკისრა. ამ დოკუმენტის თანახმად, ბელარუსმა თავისი ტერიტორიიდან ყველა ბირთვული იარაღი გაიტანა. ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსება ასევე ეწინააღმდეგება 2022 წლის 3 იანვრის ხუთი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების ერთობლივ განცხადებაში აღებულ ვალდებულებებს, რომ ბირთვულ ომს არ შეიძლება ჰყავდეს გამარჯვებული და ის არასოდეს უნდა მოხდეს.

“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეს ვალდებულებები. ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული ომის თანამონაწილეა”, – განაცხადა მან.

პარასკევს მინსკში, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის განმსაზღვრელ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის შინაარსს მინსკიც და მოსკოვიც ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ.

„არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსება ეფექტური პასუხია არამეგობრული ქვეყნების აგრესიულ პოლიტიკაზე“, – განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა 25 მაისს მინსკში რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ.

ტაქტიკური ბირთვული ქობინი შეიძლება განთავსდეს სხვადასხვა ტიპის რაკეტებზე, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებისთვის, როგორიცაა ფრთოსანი რაკეტები და საარტილერიო ჭურვები. მათი გასროლა შესაძლებელია თვითმფრინავებიდან და გემებიდან.

ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ამტკიცებდა, რომ რუსეთის დახმარებით ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთი თვითმფრინავი ხელახლა აღჭურვეს და მათ უკვე შეუძლიათ ბირთვული რაკეტების ტარებაო.
აპრილის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დაადასტურა ბელარუსის შეიარაღებული ძალებისათვის სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ-მ“-ის გადაცემა.

26 მაისს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანა უკვე დაწყებულია. კითხვას – არის თუ არა არასტრატეგიული ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზე, ლუკაშენკომ ასე უპასუხა: “შესაძლოა. მივალ და ვნახავ”.

მანამდე, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა სერგეი შოიგუმ და ვიქტორ ხრენინმა მინსკში ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავენ რუსული ბირთვული იარაღის შენახვის პროცედურას ბელარუსის ტერიტორიაზე – სპეციალურ საწყობში.

მიმდინარე წლის 25 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. მაშინ, ვლადიმერ პუტინმა თქვა: “3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე”.

მსგავსი პოსტები

Back to top button