მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის იმედები არ გამართლდა – პუტინი ქართველებისგან ,,მადლობას,, მოელოდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე.

ძალიან გასაკვირია უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია,” – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რაც პუტინის თქმითვე, დაკავშირებული იყო სხვადასხვა გარემოებებთან, მათ შორის, საკურორტო სეზონის დაწყებასთან.

პუტინის თანახმად, მას ასევე სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ, და ასევე რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეები მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.
როგორც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს, მას ეგონა რომ თავად საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე წამოწია წინ ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების გაგრძელების საკითხი.

“ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი მონაკვეთი გავიაროთ, როგორ უკვე ვთქვი, ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ იმის გათვალისწინებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს,” – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ განვითარდეს და რა გზით იაროს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც – Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button