მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდა

EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ადასტურებს.
ეს არის ორი წლის წინ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ რიგით მე-13 ასეთი პაკეტი, რომელიც, ევროკავშირში ბელგიის წარმომადგენლობის თანახმად, „ევროკავშირის მიერ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე ფართო პაკეტია,“ წერია X-ით (ყოფილი ტვიტერი) გავრცელებულ ცნობაში.
ბორელი ამბობს, რომ სანქციების ახალი პაკეტი 200 პირსა და კომპანიას აერთიანებს.

“ჩვენ გვაქვს შეთანხმება მეცამეტე პაკეტზე!

ჩვენ კიდევ ვამატებთ 200 პირსა და კომპანიას სანქციების პაკეტს, რომელიც უკვე 2000-ზე მეტ სუბიექტს აერთიანებს.

ამ პაკეტით, ჩვენ უფრო მკაცრ ზომებს ვიღებთ იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც გვერდის ავლით არიან ჩართულები სამხედრო და თავდაცვით სექტორებში”, – წერს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.
ბელგიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ პაკეტი ოფიციალურად დამტკიცდება 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავზე.

ინფორმაცია სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმების მიღწევის შესახებ თავდაპირველად რიკარდ იოზვიაკმაც გაავრცელა. როგორც ის წერდა, ახალი პაკეტი ოფიციალურად 24 თებერვლამდე დამტკიცდება.
„ევროკავშირის ელჩებმა ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს მწვანე შუქი აუნთეს. იგი 24 თებერვლის წლისთავის წინა დღეს გამოქვეყნდება“, – წერს იოზვიაკი X-ზე.

რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ასევე, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ 1 900-ზე მეტი რუსი და ბელარუსი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივონ.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა, რომელიც პირველად, ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჩინური კომპანიები ეჭვმიტანილი არიან რუსეთისთვის აკრძალული ნივთების შეძენაში. ევროკავშირის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ მოქმედებას იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებათ ევროკავშირში წარმოებული მოწინავე ტექნოლოგიებისა და სამხედრო საქონლის რუსეთისთვის მიწოდებაში.
შეგახსენებთ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვება მიზანშეწონილია, რადგანაც კრემლი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ევროკავშირმა 2022 წლის 23 თებერვალს მიიღო, როდესაც მოსკოვმა აღიარა დონბასში მოქმედი სეპარატისტული ფორმირებები.

სანქციები გააფართოვეს 2022 წლის 6 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის შესახებ განაცხადა.
სანქციების სამიზნე ასევე გახდნენ თურქული და ჩრდილოეთ კორეული კომპანიები.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს 2014 წლიდანაც, ყირიმის ანექსიის გამო. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირს მიღებული აქვს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების უკვე 12 პაკეტი.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
……..

მსგავსი პოსტები

Back to top button