მნიშვნელოვანისიახლეები

ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისშია – მისი ვიზიტი კი პოლიტიკური შეფასებების თემაა

ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისშია – მისი ვიზიტი კი პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ცალკეული ვიზიტები ვერ მოახდენს ამ არალეგიტიმური ძალის რაიმე ტიპის ლეგიტიმაციას, საერთო კონტექსტში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, დიპლომატიურ თვითიზოლაციაშია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი ანიჭებს, ხალხის უკმაყოფილება კი იზრდება.
„ვერცერთი ასეთი ცალკეული ვიზიტი ვერ მოახდენს ამ არალეგიტიმური ძალისთვის რაიმე ტიპის ლეგიტიმაციის მინიჭებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი, ვინც ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ანიჭებს, არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიუღებლობა ამ მოღალატეობრივი, ანტიეროვნული ძალის მიმართ იზრდება. შესაბამისად, რამდენი ასეთი ცალკეული შემთხვევა და ვიზიტიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი ფონი. საერთო კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ აღმოჩენილია დიპლომატიურ თვითიზოლაციაში, სადაც ჩვენი ტრადიციული პარტნიორებიდან, ფაქტობრივად, არ მოიძებნება არავინ, ვინც აღიარებს მათ ლეგიტიმაციას ან მართავს მათთან სამუშაო შეხვედრებს“, – განაცხადა ბუაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაგეგმილია თუ არა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან ოპოზიციის შეხვედრა, ბუაძემ უპასუხა, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მზად არის, რომ შეხვდეს.
„ვერ გეტყვით, არ ვიცი, დღის წესრიგში არის თუ არა. ამ ვიზიტის საქმიანი დღის წესრიგი თუ მოითხოვს იმას, რომ არსებობდეს ასეთი შეხვედრა, ცხადია, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ“, – აღნიშნა ბუაძემ.

“ქართული ოცნება” ოპონენტებისგან ინტერესდება როგორ არის თანხვედრაში ერთმანეთთან ქვეყნის იზოლაციაში ყოფნის ბრალდება და ეუთოს უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტი?
აქვე, სახელისუფლებო პარტიაში მიუთითებენ ეუთოს საარჩევნო დასკვნებსა და ამ შეფასებების გამო ოპოზიციის უკმაყოფილებაზე.
ოპოზიციური პარტიების შეფასებით ვიზიტი არ არის კავშირში ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ ეს შეხვედრა არ შემდგარიყო, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში “ჰამასსა” და “ჰეზბოლასაც” კი შეხვედრია.
“უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში, “ჰეზბოლას” და “ჰამასს” ესაუბრება. არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებასთან” დითირამბების სათქმელად იყოს ჩამოსული. ასეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც წესი, ჩამოდიან მოლაპარაკებებზე, რომ კიდევ ცადონ ხელისუფლების მობრუნება იმ კრიტიკულ წერტილამდე, რასაც მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ჰქვია. გაფრთხილების მიმღები შიკრიკები ხშირად ჩამოდიან ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების საკითხი ხალხის გადასაწყვეტია და ეს გადაწყვეტილება ერთი ხელის ჩამორთმევით თუ შეხვედრით ვერ შეიცვლება.
“ხელისუფლების ლეგიტიმაცია – არა ლეგიტიმაცია, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი. კონსტიტუციურ დემოკრატიაში ხალხი წყვეტს ლეგიტიმურია თუ არა ხელისუფლება. ის თუ ვინმე არ აღიარებს, ეს არის გამოძახილი იმ არალეგიტიმურობისა, რომელსაც ხელისუფლება ადგილზე იღებს. ამ არაღიარებას, რომელიც გამომდინარეობს არჩევნების გაყალბებიდან, ვერაფერს ვერ შეუცვლის ერთი რომელიმე ფიგურის ვიზიტი, ერთი ხელის ჩამორთმევა, ან ერთი შეხვედრა”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილი.

ადრე გვქონდა კომუნიკაცია ეუთო-სთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ეუთო არის ორგანიზაცია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით. მათ შორის ეუთო-ს წევრი არის რუსეთი, ამიტომ ეუთო-ში მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც რუსეთიც უნდა დათანხმდეს. ასეთი ორგანიზაციაა, ამიტომ ამას უნდა შევეგუოთ. ყველგან ჩადიან და ყველას ელაპარაკებიან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, იგივე ადამიანი ცოტა ხნის წინ ჩასული იყო მოსკოვში და მოსკოვშიც ჰქონდა შეხვედრები.
„ეუთო-ს ინსტიტუტი არის ოდირ-ი, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაცია, არის ეუთო-ს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. იქ წერია ყველაფერი“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. ის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ასევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button