მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა და 85-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ხუთი მიმართულებით ახორციელებს შეტევას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია რუსი სამხედროების თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

რუსეთის არმია ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე.
რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ – სტატიას ამის შესახებ დასავლური გამოცემა BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ბახმუტზე თავდასხმა, რომლის ხელში ჩაგდებასაც ოკუპანტები ბოლო 6 თვის განმავლობაში აქტიურად ცდილობდნენ.

რუსი ოკუპანტები ბახმუტის დამორჩილებისთვის ბრძოლას მეტი სიმძაფრით განაგრძობენ, რადგან სურთ, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მაინც დაამყარონ ქალაქზე კონტროლი.
მიუხედავად რუსული აგრესიის გაძლიერებისა, დაბალი ტემპერატურისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობისა, უკრაინული არმია მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ბახმუტში.

93-ე ბრიგადის კაპიტნის განცხადებით, მათ აქვთ ყველანაირი იარაღის დანაკლისი, განსაკუთრებით, კი საარტილერიო ჭურვების.

როგორც კაპიტანი ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, მათ ასევე სჭირდებათ ჯავშანტრანსპორტიორები და სხვადასხვა საბრძოლო აღჭურვილობა, თუმცა ამბობს იმასაც, რომ “ამ ომის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, თუ როგორ ვიბრძოლოთ შეზღუდული რესურსებით.”

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა და 85-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან.

ხერსონის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან, ნაღმტყორცნებიდან და ტანკებიდან 42-ჯერ დაბომბეს, ასევე დაიწყეს სარაკეტო შეტევა. ჭურვები მოხვდა საწყობებს, კინოსა და საკონცერტო დარბაზს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიას და საცხოვრებელ კორპუსებს.
გარდა ამისა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსეთმა მასიურ სარაკეტო დარტყმებს შორის ინტერვალი შეამცირა.

“ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ახლა მათ სრული სისწრაფით აწარმოებს. წინა წლების განმავლობაში დაგროვილი საკრუიზო რაკეტების მარაგი იწურება”, – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

31 იანვარს, იგნატმა განაცხადა, რომ თავის დასაცავად, უკრაინას სჭირდება მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავების შეცვლა ერთი ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლით, რომელიც შესაძლოა იყოს F-16 საბრძოლო თვითმფრინავი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საჭიროა 200-მდე F-16.
რუსმა ოკუპანტებმა დღეს, 13 თებერვალს ხერსონის ოლქი კიდევ ერთხელ დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად განადგურდა ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესის საწარმოო ბაზის შენობა. გარდაცვლილი ამავე საწარმოს თანამშრომელია.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ 13 თებერვალს დაბომბვისას რუსებმა ხერსონის რაიონში სარკინიგზო ლიანდაგი დააზიანეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button