მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა.

„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას. ეს შეეხება რუსეთის მიერ კონტროლირებად ნებისმიერ თვითმფრინავს. ჩვენი საჰაერო სივრცე რუსეთის თვითმფრინავებისთვის დახურულია – მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავებისთვისაც“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობის აკრძალვის ინსტრუმენტებზეც. ასევე, სანქციები დაწესდება ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წინააღდეგ.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ძალებმა უკრაინული ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა 24 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.

ამასთან ევროკავშირის სანქციები ცენტრალურ ბანკსა და რუსეთის ავიაციაზე ძალაში შევიდა. ევროკავშირის ვებგვერდზე ფრენებისა და ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა.

ნეიტრალური შვეიცარია შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შვეიცარიის მთავრობა რუსული აქტივების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, დღეს მიიღებს.

დღეს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის შესახებ კანონპროექტს წარადგენენ დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს უკრაინაში ვითარებასა და რუსეთის წინააღმდეგ ზომების შესახებ ჯო ბაიდენი მოკავშირეებთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

ავსტრალიის სანქციები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ამოქმედებულია. მოგზაურობისა და ფინანსური შეზღუდვები ქვეყანამ რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერს, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს დაუწესა. დღესვე სატელეფონო

საუბარს გეგმავს პრეზიდენტ ზელენსკისთან ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი.
რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო ბელარუსის პრეზიდენტისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს იაპონია.

მსგავსი პოსტები

Back to top button