ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს დაფინანსება შეაჩეროს

ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ ეთანხმებიან ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის წინადადებას და აცხადებენ შედეგებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მხრივ.

1 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული პოლიტიკური დიალოგის საკითხებში ევროკავშირის პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, წამყვანმა ევროპარლამენტარებმა შემდეგი ერთობლივი განცხადება გააკეთეს:

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლად მიიღონ ზომები. საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოში კარგად ცნობილი ევროპარლამენტარები:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია) და პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა).

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორ საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს. „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში“.

ერთობლივი განცხადების ავტორი ევროპარლამენტარები სრულ მხარდაჭერას უწცხადებენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ ხუთპუნქტიან გეგმას. მათ შორის ევროპარლამენტთან „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნის იდეას.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, – ნათქვამია ერთობლივი განცხადების საბოლო ვარიანტში.

თუმცა, დოკუმენტის თავდაპირველ პროექტში ლაპარაკი იყო სხვა მოსალოდნელ შედეგებზეც. კერძოდ, პოლიტიკური მხარდაჭერისა და უმაღლესი დონის შეხვედრების შეზღუდვაზე როგორც ხელისუფლების წარმოდგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე, ვიდრე ისინი არ მოახდენენ კომპრომისის რეალური მზაობის დემონსტრირებას საკუთარი მოქალაქეებისა და თავისი ქვეყნის მომავლის ინტერსებიდან გამომდინარე.

30 მარტს, ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება შესთავაზა.

კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს, და საკითხის გადაჭრის ვადებს:

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
მომავალი არჩევნები;

მხარეებმა თითქმის 7 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინანსო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს და რომლის შეჩერებასაც ევროპარლამენტარები მოუწოდებენ, 60 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button