მნიშვნელოვანისიახლეები

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია პარლამენტმა 111 ხმით მიიღო

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 111 ხმით მიიღო. დოკუმენტი 13-პუნქტისგან შედგება და ის მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ რეზოლუციაში გაწერილი პუნქტების შესაბამისად, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება შეხვედრები.

“პოლიტიკური კურსი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აქვს, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების, კიდევ ერთხელ პოლიტიკურად დადასტურდა. ეს არის ვალდებულება, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კონსტიტუციაში გაწერა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრებიც, საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება,“ – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს.

“რეზოლუციის მიღება მოცემულ მომენტში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ ეთქვა, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს. ვხედავთ, რა გეოპოლიტიკური ვითარებაა, რამაც, გარკვეულწილად, გავლენა მოახდინა ევროკავშირის პოზიციებზე და გახსნა შესაძლებლობის ფანჯარა ჩვენი ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ წავიწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,” – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ნებაა და ის საქართველოს კონსტიტუციას ეფუძნება – პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას კანონმდებლები აფასებენ. ოპოზიციაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ არაერთი შენიშვნის მიუხედავად, უმრავლესობის მიერ წარდგენილ პროექტს მათ მხარი დაუჭირეს და აცხადებენ, რომ მსგავს დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის კურსისთვის უმნიშვნელოვანესია – მზად არიან ერთიანობის დემონსტრირება მოახდინონ.

“ძალიან კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, რა თქმა უნდა, დავუჭირეთ მხარი, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არის ეროვნული მასშტაბის ამოცანა და საერთო ეროვნული პოზიციის დაფიქსირება. მიუხედავად ტექსტთან არსებული შენიშვნებისა, აუცილებელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთ საკითხებზე, რომელიც აძლიერებს ჩვენს ევროპულ კურსს, სტრატეგია აღმაშენებელი ყოველთვის იქნება ამ პროცესის მხარდამჭერი,”- აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

ფრაქცია “ლელო – საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო.

“პარლამენტს შეეძლო მიეღო ბევრად უფრო ძლიერი დოკუმენტი, სადაც იქნებოდა უფრო კონკრეტული გზავნილები, როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, ისე საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს არის უბრალოდ რაღაც ზოგადი განაცხადი, რომ საქართველოს პარლამენტს სურს, რომ საქართველომ მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ისედაც გვიწერია კონსტიტუციაში,”-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button